არტურო მინერვინი - დღესაც კვარაცხელიას ცრემლიან თვალებზე ვფიქრობ და ვამაყობ ამ ბიჭით #1TVSPORT
არტურო მინერვინი - დღესაც კვარაცხელიას ცრემლიან თვალებზე ვფიქრობ და ვამაყობ ამ ბიჭით #1TVSPORT

იტალიურ გამოცემაში TuttoNapoli-ი „ნაპოლი“-„მილანის“ შეხვედრის შესახებ წერილი გამოქვეყნდა, რომლის ავტორი არტურო მინერვინიც მატჩის არბიტრებს აკრიტიკებს და ხვიჩა კვარაცხელიას ამხნევებს.

„არანაირი ეჭვი არაა, „მილანის“ ყველაზე აქტიური გულშემატკივარიც ვერ უარყოფს, რომ ლეაომ ლოსანოს წინააღმდეგ წესი დაარღვია და მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა. რამდენჯერ შეიძლება, ვიდეორეფერიმ უეფა შეარცხვინოს – ამაზე პილატე პონტოელიც კი გაწითლდებოდა. არავითარი განმარტება, ეს არის სისტემის სამარცხვინო შავი ხვრელი, რომელიც ფეხბურთის სულისკვეთებას აკნინებს.

ორჯერ „ნაპოლის“ წინააღმდეგ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს: კოვაჩმა „სან-სიროზე“ და ვიდეორეფერიმ – „სტადიო მარადონაზე“. არბიტრების მუშაობა ნეაპოლელთა შრომას უშედეგოს ხდიდა. სპალეტი ამაზე მატჩის შემდეგ გაბრაზებით საუბრობდა.

თუ შენიშნეთ, კვარაცხელია პენალტის შესასრულებლად ძალაგამოცლილი მივიდა. „მილანთან“ ორივე შეხვედრაში ბევრს ეცადა, თავი გადადო, შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ ხშირად მარტო იბრძოდა ორ, ხანდახან სამ მცველთან.

ხვიჩა არასდროს გაურბოდა თავის პასუხისმგებლობებს, სპარტაკზე მეტი ბარიერი დაამსხვრია და რამდენჯერმე კარს ააცილა. შეუპოვარი და ამაყია, პენალტის შემდეგ ბავშვურად ატირდა. დღესაც ხვიჩას ცრემლიან თვალებზე ვფიქრობ და ვამაყობ ამ ბიჭით“, – წერს არტურო მინერვინი.