„არსენალმა“ „რეალი“ სტუმრადაც დაამარცხა და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის „არსენალი“ იქნება.
ინგლისურმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში 5:1 დაამარცხა მადრიდის „რეალი“.
განმეორებითი მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მე-13 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა ბუკაიო საკამ – ტიბო კურტუამ შეძლო მოგერიება.
საკამ მაინც გახსნა ანგარიში – 65-ე წუთზე მრავალსვლიანი კომბინაცია დაასრულა მიკელ მერინოს პასის შემდეგ.
ორ წუთში „რეალმა“ გაათანაბრა, მას შემდეგ, რაც საკუთარ საჯარიმოსთან შეცდნენ დავიდ რაია და ვილიამ სალიბა, რითიც ვინისიუსმა ისარგებლა.
„არსენალმა“ 93-ე წუთზე დასვა წერტილი – გაბრიელ მარტინელიმ გააფორმა 2:1 გამარჯვება განმეორებით მატჩში და 5:1 ორი მატჩის ჯამში.
ნახევარფინალში „არსენალი“ „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება. პირველი მატჩი 30 აპრილს ლონდონში გაიმართება, განმეორებითი – 6 მაისს პარიზში.
ფაქტები
* „რეალს“ პირველ ტაიმში არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.
* „რეალმა“ დაკარგა ტრებლის შესრულების შანსი. მადრიდელებს არასოდეს მოუგიათ ერთ სეზონში ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა.
* „რეალი“ 2020 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
* „რეალს“ „არსენალთან“ ოთხიდან სამი მატჩი აქვს წაგებული. კიდევ ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბურთების საერთო შეფარდებაა – 1:6.
* ვინისიუსმა ყველა ტურნირზე 105-ე გოლი გაიტანა „რეალის“ შემადგენლობაში და მადრიდული კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელი გახდა. მან რონალდოს გაუსწრო, რომელსაც 104 გოლი ჰქონდა.
* კილიან მბაპეს პლეი ოფში არცერთი შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.
* „არსენალი“ 2009 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. სულ გუნდის ისტორიაში ასეთი რამ მესამედ მოხდა.