„არსენალმა“ ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
„არსენალმა“ ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტური ლონდონური დერბით დასრულდა. „ვესტ ჰემი“, რომელიც ახლოს არის გასავარდნ ზონასთან, შინ იღებდა „არსენალს“, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატში შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.

პირველი ტაიმი „ვესტ ჰემმა“ ანჯელო ოგბონას გოლით მოიგო. მასპინძლებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა მეორე ტაიმში 10-წუთიანი მონაკვეთი, როცა „არსენალმა“ სამი გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე თანაფარდობა აღადგინა გაბრიელ მარტინელიმ – ბრაზილიელისთვის ეს იყო პირველი გოლი პრემეირლიგაში. 66-ე წუთზე სტუმრები წინ გაიყვანა ნიკოლა პეპემ, სამ წუთში კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „არსენალმა“ 3:1 მოიგო და შეწყვიტა ყველა ტურნირზე თავისი ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია. ეს იყო „არსენალის“ მწვრთნელის რანგში ფრედი ლიუნგბერგის პირველი მოგება.

„ვესტ ჰემი“ 16 ქულით მე-16 ადგილზეა და ერთი ქულით არის დაცილებული გასავარდნ ზონას, „არსენალმა“ კი 22 ქულით მეცხრე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ზონას შვიდი ქულით ჩამორჩება.