„არსენალმა" 10-კაციან „ატლეტიკოს“ ვერ მოუგო
„არსენალმა" 10-კაციან „ატლეტიკოს“ ვერ მოუგო

ევროპის ლიგის პირველ ნახევარფინალში “არსენალმა” ვერ შეძლო საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხება. არადა, სტუმრებმა მთელი 80 წუთი 10 ფეხბურთელით ითამაშეს.

უკვე მატჩის მე-10 წუთისთვის, “ატლეტიკოს” მცველმა შიმე ვრსალკომ ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და მოედანზე დატოვა. ორი წუთის შემდეგ, მთავარმა მსაჯმა, ფრანგმა კლემან ტურპენმა “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონეც გააძევა.

“არსენალმა” რიცხობრივი უპირატესობა მხოლოდ 61-ე წუთზე გამოიყენა და ვერ შეძლო მისი შენარჩუნება – 82-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გაათანაბრა ანგარიში – 1:1.
“არსენალს” ბურთის ფლობის 72 პროცენტი ჰქონდა და დიდი უპირატესობით აჯობა მეტოქეს დარტყმებში – 23:6 (ზუსტი დარტყმები – 8:5).

განმეორებითი მატჩი მადრიდში 3 მაისს გაიმართება.