„არსენალი“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს, რათა პრემიერლიგის ჩემპიონობის შანსები დაიბრუნოს. ლონდონური კლუბის ერთ-ერთ პოტენციურ ახალბედად სახელდება ლისაბონის „სპორტინგის“ ფორვარდი ვიქტორ დიოკერეში.
პორტალ Football Transfers-ის ინფორმაციით, „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა დაინტერესებულია ახალი თავდამსხმელის გაფორმებით და ლონდონელებს უკვე აქვთ კონტაქტი დიოკერეშთან. იტყობინებიან, რომ „სპორტინგმა“ თავისი ფორვარდი 65 მილიონ ევროდ შეაფასა.
ასევე აღნიშნავენ, რომ „არსენალი“ ინარჩუნებს ინტერესს „ლაიპციგის“ ფორვარდის ბენჯამინ შეშკოს მიმართ. ლონდონური კლუბი უკვე ცდილობდა მის შეძენას ზაფხულში, მაგრამ მაშინ სლოვენიელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი გაახანგრძლივა გერმანულ გუნდთან.
ვიქტორ დიოკერეშმა ამ სეზონში 25 მატჩში 27 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.