არსენ ვენგერმა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მიმართ იურგენ კლოპის კრიტიკას უპასუხა #1TVSPORT
ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა დამრიგებელმა, არსენ ვენგერმა, რომელიც დღეს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) მრჩევლად მუშაობს, პასუხი გასცა გერმანელ სპეციალისტს, იურგენ კლოპს. ამ უკანასკნელმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს უწოდა ყველაზე ცუდი იდეა, რაც კი ფეხბურთის ისტორიაში ყოფილა რეალიზებული.
ვენგერის თქმით, ამ მოსაზრებაზე შეიძლება ბევრი პასუხი არსებობდეს, მაგრამ საუკეთესო პასუხს გასცემენ კლუბები და გულშემატკივრები, რომლებმაც ტურნირის მიმართ ინტერესი გამოავლინეს.
„მე მოსაწყენ პასუხს გაგცემთ ძალიან საინტერესო კითხვაზე. ყველას აქვს საკუთარი აზრის უფლება და მე საერთოდ არ ვიზიარებ იურგენ კლოპის მოსაზრებას.
მიმაჩნია, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი აუცილებელია. თუ თქვენ ყველა მონაწილე კლუბის აზრით დაინტერესდებით, პასუხების 100 პროცენტი იმის სასარგებლოდ იქნება, რომ მათ ისევ მოუნდებათ აქ თამაში. ეს საუკეთესო პასუხია კითხვაზე, რას ფიქრობენ კლუბები ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე.
გადამწყვეტი კითხვა კი ასეთია: „მოსწონთ თუ არა ტურნირი გულშემატკივრებს?“ ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავდაპირველად იყო დაბალი დასწრებადობის პროგნოზი, სინამდვილეში კი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. პასუხი ცხადია“, – მოჰყავს ვენგერის სიტყვები გამოცემა The Athletic-ს.