არსენ ვენგერი - უარი ვუთხარი „რეალს“, „იუვეს“, ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებებს, ვგრძნობდი, რომ შემეძლო „არსენალში“ მემკვიდრეობა დამეტოვებინა #1TVSPORT
არსენ ვენგერი - უარი ვუთხარი „რეალს“, „იუვეს“, ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებებს, ვგრძნობდი, რომ შემეძლო „არსენალში“ მემკვიდრეობა დამეტოვებინა #1TVSPORT

ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა არსენ ვენგერმა გაამხილა იმ ტოპკლუბების სახელები, რომლებსაც უარი უთხრა ლონდონის „არსენალის“ გამო.

„მე უარი ვუთხარი „რეალს“, „იუვენტუსს“, „პარი სენ-ჟერმენს“… ასევე უარი ვუთხარი ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებებს.

მიმაჩნია, რომ გავაკეთე ის, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. დანარჩენი კი ხალხმა განსაჯოს. ეს საჯარო სამუშაოა. მკაფიოდ და ზუსტად ვაზროვნებდი და ვიცოდი, როგორ უნდა მემოქმედა. და მადლიერი ვარ იმის გამო, რომ სწორედ ასე მოვიქეცი, რადგან დღეს ჩემთან მოდიან ადამიანები და მეუბნებიან: „მადლობა იმის გამო, რაც კლუბისთვის გააკეთეთ“. ამას ამბობენ იმიტომ, რომ კარგად ესმით, რაც იყო ჩემი პრიორიტეტი. ასევე მიმაჩნია, რომ „არსენალს“ მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ იმ ღირებულებების გამო, რომელსაც ეს კლუბი გამოხატავს.

მე ყოველთვის ვმუშაობდი. დიდი ხანი არ მქონდა რესურსი, მაგრამ ასეთია ჩემი ხასიათი. მე ბედნიერი ვიყავი, მემუშავა იმისთვის, რაც ჩემზე მასშტაბურია. და ვგრძნობდი, რომ შემეძლო მემკვიდრეობის დატოვება – აგვეშენებინა ბაზა და სტადიონი, შეგვექმნა ბრწყინვალე აკადემია, რათა ბიჭებს, რომლებიც ჩემ შემდეგ მივიდოდნენ კლუბში, შეძლებოდათ ღირსეულ პირობებში მუშაობა.

და როცა წავედი, ფინანსური სიტუაცია აშკარად დადებითი იყო“, – განაცხადა ვენგერმა beIN Sports-სთან ინტერვიუში.

არსენ ვენგერი „არსენალში“ 1996-2018 წლებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და შვიდ-შვიდჯერ მოიგო ინგლისის თასი და სუპერთასი.