არსენ ვენგერი – თუ მსოფლიო ჩემპიონატს დავაკვირდებით, საფრანგეთი მთავარი ფავორიტია #1TVSPORT

00:32, 09.07.2026

ლეგენდარულ ფრანგ სპეციალისტს, არსენ ვენგერს მიაჩნია, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ტიტულს საფრანგეთის ნაკრები მოიგებს. „არსენალის“ ყოფილი დამრიგებელი ირწმუნება, რომ ამგვარი პროგნოზის გაკეთებისას პატრიორულ გრძნობებს არ ეყრდნობა:

„საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდება! დიახ, ახლა თქვენ იტყვით, რომ ასე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ  ფრანგი ვარ. მაგრამ საქმე სხვა რამეშია. თუ ყურადღებით დავაკვირდებით ტურნირს, სწორედ ფრანგები ჩანან მთავარ ფავორიტებად.

დღეს ფეხბურთი დაუჯერებლად ინტენსიური გახდა და თუ არ შეგიძლია ამ ტემპის გაძლება, უბრალოდ ვერ აჰყვები თამაშს. მაგალითად, სწორედ ამიტომაც გამოეთიშნენ აზიური გუნდები ტიტულისთვის ბრძოლას. მათთვის მძიმე აღმოჩნდა ასეთ სიჩქარეებთან გამკლავება, ხოლო ტექნიკური თვისებები არასაკმარისი ჰქონდათ იმისთვის, რომ ამის კომპენსირება მოეხდინათ.

თუ ვილაპარაკებთ გუნდზე, რომელსაც საფრანგეთის შეჩერების რეალური შანსები აქვს, ჩემთვის ეს არის ესპანეთი. ტექნიკის მხრივ ესპანელები აღემატებიან ფრანგებს. მათ შესანიშნავი გუნდური თამაში და გუნდური ფეხბურთის კულტურა აქვთ. ეს ფაქტორი სხვა არცერთ ნაკრებში არ არის ამ დონემდე აყვანილი.

ჩემი აზრით, სწორედ საფრანგეთისა და ესპანეთის დაპირისპირებაში გაირკვევა საჩემპიონო ტიტულის ბედი. ამასთან, ფიზიკური თვალსაზრისით, უპირატესობა საფრანგეთს რჩება“, – განაცხადა ვენგერმა.

მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის ბადე ისე დალაგდა, რომ საფრანგეთი და ესპანეთი მხოლოდ ნახევარფინალში თუ შეხვდებიან ერთმანეთს. მანამდე საფრანგეთმა მეოთხედფინალში უნდა გაიაროს მაროკოს ბარიერი, ხოლო ესპანეთმა ამ ეტაპზე ბელგია უნდა დაამარცხოს.

მსგავსი