არსენ ვენგერი - მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის ფიფა თამაშგარის განსაზღვრის ავტომატიზებულ სისტემას დანერგავს #1TVSPORT
არსენ ვენგერი - მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის ფიფა თამაშგარის განსაზღვრის ავტომატიზებულ სისტემას დანერგავს #1TVSPORT

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, რომელიც დღეს ფიფა-ში ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის თამაშგარის განსაზღვრის ავტომატიზებული სისტემის შემოღებას იმედოვნებს.

სისტემა შეატყობინებს მთავარი მსაჯის ასისტენტს, როცა მოთამაშე ოფსაიდში იქნება. სიახლის მიზანია – უზრუნველყოს უფრო ზუსტი გადაწყვეტილებები, აგრეთვე შეამციროს დრო, რომელსაც რეფერის ვიდეო-დამხმარე (VAR) ეპიზოდის შეფასებისთვის ხარჯავს.

„ვფიქრობ, თამაშგარის განსაზღვრის ავტომატიზებული სისტემა 2022 წლისთვის მზად იქნება. სიგნალი პირდაპირ გვერდით არბიტრთან მიდის, რომლის საათზე წითელი სინათლე აინთება.

დღეისთვის ფეხბურთში არსებობს სიტუაციები, როცა VAR-ის დახმარებით გადაწყვეტილების შემოწმებას სჭირდება დაახლოებით 70 წამი, ხანდახან წუთი და 20 წამი ან კიდევ უფრო მეტი დრო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირად გოლის აღნიშვნის ზეიმი უბრალოდ უქმდება ასეთი ხანგრძლივი მოლოდინის გამო.

ნახევრადავტომატური სისტემით, სიგნალი ჯერ VAR-თან მიდის, რომელიც შემდეგ ატყობინებს გვერდით არბიტრს. დაჟინებით ვითხოვ, რომ სისტემა ავტომატური იყოს, რათა სიგნალი პირდაპირ მსაჯთან მივიდეს“, – განაცხადა ვენგერმა Living Football-ის შოუს ეთერში.