არსენ ვენგერი „ბაიერნის“ მწვრთნელის თანამდებობაზე მთავარი ფავორიტია
არსენ ვენგერი „ბაიერნის“ მწვრთნელის თანამდებობაზე მთავარი ფავორიტია

ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი უპირველეს პრეტენდენტად მიიჩნევა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, – წერს გაზეთი „ბილდი“.

ნიკო კოვაჩის წასვლის შემდეგ, მიუნხენელები განიხილავდნენ ერიკ თენ ჰაგისა („აიაქსი“) და „ლაიპციგის“ ყოფილი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის კანდიდატურებს, მაგრამ ამსტერდამელები მხოლოდ სეზონის შემდეგ გაუშვებენ თავიანთ მწვრთნელს, რანგნიკმა კი გერმანიის ჩემპიონს უარი უთხრა.

აქედან გამომდინარე, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა ვენგერზე შეჩერდა. მიუნხენური კლუბის ბოსებს მიაჩნიათ, რომ გამოცდილ მწვრთნელს, რომელიც გერმანულ ენაზეც ლაპარაკობს, შეუძლია კლუბის წარმატებამდე მიყვანა.

70 წლის ვენგერი უმუშევარია 2018 წლიდან. მანამდე ის 20 წელზე მეტხანს ავარჯიშებდა ლონდონის „არსენალს“.

„ბაიერნი“ ბუნდესლიგის 10 ტურის შემდეგ 18 ქულით ცხრილში მეოთხე ადგილზეა.