არმენ სარქისიანი - სომხეთმა კონსტიტუცია უნდა შეცვალოს და კვლავ საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდეს
არმენ სარქისიანი - სომხეთმა კონსტიტუცია უნდა შეცვალოს და კვლავ საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდეს

სომხეთმა უნდა შეცვალოს კონსტიტუცია და კვლავ გახდეს საპრეზიდენტო რესპუბლიკა. როგორც სომხური მედია წერს, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, ახლა სახელმწიფოს ვერ უწოდებ ვერც საპრეზიდენტოს და ვერც საპარლამენტო რესპუბლიკას. მისი აზრით, ხალხს აქვს დიდი ძალაუფლება, თუმცა არ აქვს პასუხისმგებლობა.

„სომხეთი უნდა დაუბრუნდეს საპრეზიდენტო მმართველობას და დაიწყოს რეფორმების განხორციელება, რომლებიც იქნება კონცენტრირებული მომავალზე, ქვეყანაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, უზარმაზარი სომხური დიასპორისთვის კარის გახსნით, რათა ქვეყანა უფრო პროგნოზირებადი და მომავალზე ორიენტირებული გახდეს“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.