არგენტინული პრესა - მესი ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი
არგენტინული პრესა - მესი ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი

„ბარსელონას“ ფორვარდი, ლიონელ მესი, ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი, – იტყობინება არგენტინული გამოცემა Todo Noticias. ასევე, ეჭვმიტანილთა შორისაა ფეხბურთელის მამა – ხორხე მესი.

იტყობინებიან, რომ მესისა და მისი საქველმოქმედო ფონდის წინააღმდეგ ბრალდება ეკონომიკურ საკითხებში პროკურორმა, პაბლო ტურანომ წამოაყენა. მისი აზრით, ფონდი ფულის გასათეთრებლად გამოიყენებოდა.

თანხები, რომელიც იქ ხვდებოდა, იგზავნებოდა ოფშორულ ზონებში. შესაბამისად, ეს ფული დეკლარირებული არ იყო. პროკურორისგან მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ, მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს – აღძრას თუ არა საქმე ფეხბურთელისა და მისი მამის წინააღმდეგ.

31 წლის არგენტინელი ადრე გასამართლებული იყო ესპანეთში გადასახადების დამალვის გამო. ის ციხეში იმის გამო არ მოხვდა, რომ ესპანეთში ორ წლამდე ნებისმიერი პატიმრობა პირობითია. მესის 21 თვე მიუსაჯეს და ჯარიმის სახით 250 ათასი ევრო გადაახდევინეს. მაშინ არგენტინელმა განაცხადა, რომ მის საქმეებს მამამისი წარმართავს, ის კი მხოლოდ ხელს აწერს კონტრაქტებს ისე, რომ მას შინაარსს არც ეცნობა.