არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მიანიშნა, რომ შეიძლება დატოვოს ეროვნული გუნდი #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა ბრაზილიასთან მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ.
როცა ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია დასრულდა, სკალონიმ მოკლე განცხადების შესაძლებლობა მოითხოვა.
„მინდა, ვთქვა ერთი მნიშვნელოვანი რამ: უნდა დავფიქრდე ნაკრებში დროზე. ამ მოთამაშეებმა ბევრი რამ მომცეს. მათ ბევრი მისცეს მთელს სამწვრთნელო შტაბს. უნდა დავფიქრდე. ძალიან უნდა დავფიქრდე იმაზე, რის გაკეთებას ვაპირებ.
ეს არ არის გამოთხოვება, მაგრამ უნდა დავფიქრდე, რადგან თამასა ძალიან მაღალია. ძალიან რთული ხდება გამარჯვებების გაგრძელება. დაფიქრების დრო მოვიდა. მე დაველაპარაკები არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს და მოთამაშეებს, რადგან ამ ბიჭებს ისეთი მწვრთნელი სჭირდებათ, რომელსაც დიდი ენერგია გააჩნია. საჭიროა მწვრთნელი, რომელიც წესრიგში იქნება“, – განაცხადა სკალონიმ და დატოვა პრესცენტრი.
TyC Sports-ის ჟურნალისტმა ხოაკინ ბრუნომ, რომელიც არგენტინა-ბრაზილიის მატჩისას მოედანთან მუშაობდა, განაცხადა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ სკალონიმ მთელს თავის სამწვრთნელო შტაბს სთხოვა მინდორზე დაბრუნება ფოტოს გადასაღებად და თან განაცხადა: „ბოლო ფოტო“.
სკალონი არგენტინის ნაკრებში 2018 წლის აგვისტოდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო 2021 წლის კოპა ამერიკა, ფინალისიმა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი.