არგენტინელებმა კარის ბადე დაჭრეს, მბაპე მესისთან ღირსეულად მოიქცა - ის, რაც ფინალის დროს კამერებს გამორჩათ #1TVSPORT
არგენტინელებმა კარის ბადე დაჭრეს, მბაპე მესისთან ღირსეულად მოიქცა - ის, რაც ფინალის დროს კამერებს გამორჩათ #1TVSPORT

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ ტურნირების ისტორიაშია. სანახაობრივი, უხვგოლიანი, დაძაბული, ნერვული, ველური დაძაბულობითა და ლამაზი დასასრულით.

იყო ფრაგმენტები ამ მატჩის ირგვლივ, რომლის დავიწყებაც წარმოუდგენელია, მაგრამ სატელევიზიო კადრებს მიღმა დარჩა. არგენტინამ და საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიას ყველაზე ემოციური ფინალი აჩუქეს. ეს მხოლოდ მესის და მბაპეს დამსახურება არაა – გულშემატკივრები ლოცულობდნენ, მღეროდნენ და სტადიონზე გასაოცარ ატმოსფეროს ქმნიდნენ.

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები ისე გაერთნენ ზეიმით, რომ თასის ტარებისას კატარის ემირისა და ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოსკენ არც გაუხედავთ. ჩემპიონები აგრძელებდნენ სიმღერას და ცეკვას.

ამ დროს დამარცხებული საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა, კილიან მბაპემ იპოვა საკუთარ თავში ძალა, მიუახლოვდა ლეო მესის და მიულოცა გამარჯვება. ეს უაღრესად ღირსეული საქციელი იყო, რომელიც სწორედ ასეთ ღირსეულ თამაშს შეშვენოდა.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ მოედანზე იმდენი ხალხი იყო, თითქოს მთელი ტრიბუნა იქ ჩავიდა. სინამდვილეში, ეს ადამიანები მოთამაშეებისა და გუნდის წევრების ახლობლები იყვნენ – ყველა მინდორზე აღმოჩნდა.

რაღაც მომენტში საფეხბურთო კართან ოტამენდი და დიბალა მაკრატლით გამოჩნდნენ და ბადის ნაწილი სამახსოვროდ მოჭრეს, მალე დანარჩენებიც მათ შეუერთდნენ – შედეგად, კარისგან მხოლოდ ძელები დარჩა.

არგენტინამ დატოვა სტადიონი, როგორც ყველა ჩემპიონს შეშვენის – ღია ავტობუსით, გახარებული გულშემატკივრების სიმღერებითა და ღრიალით.