არგენტინაში ინგლისის ნაკრებზე გამარჯვება ყოველწლიურ ეროვნულ ზეიმად გამოაცხადეს #1TVSPORT
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ (AFA) ერთხმად დაამტკიცა 15 ივლისი ეროვნული ნაკრებების დღედ. ახალი ღირსშესანიშნავი თარიღი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებზე გამარჯვებას მიეძღვნა.
იმ შეხვედრაში ლიონელ სკალონის გუნდი 85-ე წუთამდე 0:1-ს აგებდა, თუმცა ენცო ფერნანდესისა და ლაუტარო მარტინესის გოლებით 2:1 გაიმარჯვა ფინალში გავიდა.
„ეს თარიღი ავირჩიეთ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისზე მოპოვებული დიდი და ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად“, – ნათქვამია AFA-ს ოფიციალურ განცხადებაში.
მატჩი დაამახსოვრდათ არა მხოლოდ დრამატული დასასრულით, არამედ ხმაურიანი პოლიტიკური რეზონანსითაც. საფინალო სასტვენის შემდეგ, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა მინდორზე გამოიტანეს ბანერი წარწერით – Las Malvinas son Argentinas („მალვინის კუნძულები არგენტინას ეკუთვნის“), რითაც ქვეყანამ კვლავ დააფიქსირა პრეტენზია ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებზე.
ამ ჟესტმა დიდ ბრიტანეთში მწვავე რეაქცია გამოიწვია. ბრიტანეთის ხელისუფლებამ FIFA-ს სიტუაციის შესწავლისკენ მოუწოდა, ხოლო არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ ფეხბურთელების საქციელს „სრულიად გამართლებული“ უწოდა და განაცხადა, რომ ბანერი არგენტინული საზოგადოების აზრს ასახავს, თუმცა FIFA-ს მხრიდან შესაძლო სანქცია არ გამორიცხა.