არგენტინა მესის გაძევებას ოფიციალურად აპროტესტებს
არგენტინა მესის გაძევებას ოფიციალურად აპროტესტებს

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ აპელაცია შეიტანა ფორვარდ ლიონელ მესის გაძევებაზე კოპა ამერიკას მესამე ადგილისთვის მატჩში, – წერს „მუნდო დეპორტივო“ (Mundo Deportivo).

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ლიდერმა უკმაყოფილება გამოთქვა მსაჯობით ბრაზილიასთან ნახევარფინალსა და ჩილესთან მესამე ადგილისთვის თამაშში. არგენტინელმა კორუფციაში დაადანაშაულა სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია (CONMEBOL) და განაცხადა, რომ კოპა ამერიკაზე ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ბრაზილია გაეჩემპიონებინათ.

მოგვიანებით დაიწერა, რომ ამგვარი მკვეთრი განცხადებებისთვის მესის, შესაძლოა, ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცენ ეროვნულ ნაკრებში.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ უკვე გააგზავნა ოფიციალური წერილი CONMEBOL-ში, რომელშიც განმარტა თავისი პოზიცია მესის წითელ ბარათთან და მის შემდგომ განცხადებებთან დაკავშირებით. ასოციაცია დარწმუნებულია, რომ მსაჯს მესისთვის ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა, აგრეთვე, სიტუაციაში გასარკვევად, არბიტრების ვიდეოდახმარების სისტემა უნდა გამოეყენებინა.

ასოციაციის ხელმძღვანელობა უშვებს იმ ვარიანტს, რომ მესის, შესაძლოა, გამოატოვებინონ 2020 წლის კოპა ამერიკა, მაგრამ იმედი აქვთ, რომ ლეოს დაუშვებენ მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ტურნირის მატჩებზე.

უფრო ადრე, არგენტინის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს წევრმა გუსტავო აბრეუს მოუწოდა მესის – ბოდიში მოიხადოს თავისი სიტყვებისთვის, რათა თავიდან აიცილოს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია.