არეულობა ბუენოს-აირესის ქუჩებში | ორი პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია ოცამდე ადამიანი (ვიდეო)

ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი მატჩის შემდეგ არგენტინის დედაქალაქში არეულობები მოხდა, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაშავდა და ოცამდე ადამიანი იქნა დაკავებული.

სამხრეთ ამერიკის ყველაზე პოპულარული საკლუბო ტურნირის ფინალში ერთმანეთს ბუენოს აირესის ორი გუნდი, „რივერ პლეიტი“ და „ბოკა ხუნიორსი“ შეხვდნენ, რომელთა დაპირისპირება ისტორიულად იწვევდა არგენტინაში დიდ ვნებათაღელვას. წელს კი დაძაბულობამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია იძულებული გახდა განმეორებითი მატჩი არგენტინის საზღვრებს გარეთ გაემართა. საბოლოოდ, თამაში მადრიდის სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა.

ორრაუნდიანი დაპირისპირება „რივერ პლეიტის“ გამარჯვებით, 5-3 (2-2, 3-1) დასრულდა და გუნდი ისტორიაში მეოთხედ დაეუფლა ლიბერტადორესის თასს.

მატჩის შემდეგ ბუენოს აირესის ქუჩებში გამოსულმა გულშემატკივრებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს, რის გამოც პოლიცია იძულებული გახდა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოეყენებინა.