არჩილ თალაკვაძემ, ირაკლი კობახიძემ და კახა კუჭავამ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრა გამართეს
არჩილ თალაკვაძემ, ირაკლი კობახიძემ და კახა კუჭავამ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრა გამართეს

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრა გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან, ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან, გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კრისტიან ურსესთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ელჩებთან საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის პაკეტი და ძირითადი სიახლეები განიხილეს, რომელიც ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით მზადდება და რომლის მიღებაც საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე იგეგმება. საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების წესებს, მედიაში პოლიტიკური რეკლამის რეგულაციებს, არჩევნების დღესთან დაკავშირებულ საკითხებს, პარტიების დაფინანსების ახალ მოდელს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს.

საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვას საგანგებო მდგომარეობის ამოწურვისთანავე დაიწყებს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩებს მადლობა გადაუხადა საარჩევნო სისტემის რეფორმირების პროცესის მხარდაჭერისთვის.​