არჩილ თალაკვაძე - ვინც უარს განაცხადებს შეთანხმებაზე და ჩაშლის დიალოგს, მოუწევს ახსნა, რა იყო მისი რეალური მოტივაცია
არჩილ თალაკვაძე - ვინც უარს განაცხადებს შეთანხმებაზე და ჩაშლის დიალოგს, მოუწევს ახსნა, რა იყო მისი რეალური მოტივაცია

ვინც უარს განაცხადებს შეთანხმებაზე და ჩაშლის დიალოგს, მოუწევს ახსნა, რა იყო მისი რეალური მოტივაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ელჩებს, ჩვენს პარტნიორებს, რომ უმასპინძლეს ამ რამდენიმე დისკუსიას თავის რეზიდენციებში. ამ მომენტისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკულად, აღარ რჩება საფუძველი, რომელიც შეიძლება გახდეს არსებული პირობებისა და მოლაპარაკებების გარშემო შეთანხმების ჩაშლისა. რა თქმა უნდა, შემდეგ დიალოგზე და მოლაპარაკებებზე, როდესაც ოპოზიცია და მმართველი ძალა შეხვდებიან ერთმანეთს, მას, ვინც უარს განაცხადებს შეთანხმებაზე და ჩაშლის დიალოგს ან არ დაეთანხმება საბოლოო წესებზე პოლიტიკურ თანხმობას, მოუწევს, საზოგადოებას აუხსნას, რა იყო მისი რეალური მოტივაცია.

ვფიქრობ, რომ ამ რამდენიმე შეხვედრით ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ არგუმენტები გაგვეცვალა. მაქსიმალურად გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ განგვეხილა ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც შეთანხმებისთვის არის აუცილებელი და უკვე დაგვჭირდება გარკვეული დრო, ვიდრე შემდეგი შეხვედრა შედგება და შესაძლებელია, შეთანხმება უკვე პოლიტიკურ ძალებს შორის გაფორმდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე არ დამდგარა კონკრეტული შედეგი, რადგან ეს არ ყოფილა პოლიტიკური დიალოგი.

„ეს იყო მეგობრული შეხვედრა ჩვენი პარტნიორებისა და ელჩების ინიციატივით. ნაბიჯები გადადგმულია ყველა მხრიდან, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენი და პარტნიორების სურვილია, რომ დიალოგი დასრულდეს პოზიტიური შედეგით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ხელისუფლება, არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულად, სამართლიანად და ჩვენი სურვილი არის, რომ მაქსიმალურად ბევრი დამკვირვებლის მიერ მოხდეს ობიექტური შეფასება, თუ როგორი არჩევნები ექნება საქართველოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მიწვევით ვახშამი გაიმართა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ასევე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რაუნდებში მონაწილეობდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.