არჩილ თალაკვაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ და წარმატებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

აღინიშნა, რომ საქართველო რომელიც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, ცნობილია ტოლერანტული დამოკიდებულებით ყველა კონფესიისა და ეთნიკური ჯგუფის მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ჩვენი ქვეყნის კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრესში კათოლიკე მოსახლეობის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს გაუსვა ხაზი.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამ კონტექსტში, არჩილ თალაკვაძემ ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ოკუპაცია საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ქრისტიანულ მემკვიდრეობას.

ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა პარლამენტის თავმჯდომარეს წმინდა საყდრის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

„საქართველოს, მის მომავალს აქვს დიდი მხარდაჭერა, ჩვენს მიმართ არის პოზიტიური მოლოდინები და  პასუხისმგებლობას ამ მიმართულებას სრულად ვაცნობიერებთ. მზად ვართ, მომავალშიც გავაგრძელოთ რეფორმები პროგრესის მისაღწევად და გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.​