არჩილ თალაკვაძე - შესაძლოა, ბიძინა გეგიძეს სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა და სუს-ში დაბარებას პოლიტიკურ მიზეზად ასახელებს
არჩილ თალაკვაძე - შესაძლოა, ბიძინა გეგიძეს სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა და სუს-ში დაბარებას პოლიტიკურ მიზეზად ასახელებს

შესაძლოა, ბიძინა გეგიძეს სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა და სუს-ში დაბარებას პოლიტიკურ მიზეზად ასახელებს, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ წევრის, ბიძინა გეგიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

„პარლამენტის თითოეული წევრისთვის ღია არის ჩვენი კარები. მე მაქვს ხშირი კომუნიკაცია პარლამენტის წევრებთან, განსაკუთრებით, უმრავლესობის წევრებთან და მინდა გითხრათ, რომ ბატონ ბიძინა გეგიძესაც არასდროს პრობლემა არ ჰქონია, რომ მისთვის საინტერესო საკითხებზე ჰქონოდა განხილვა, დისკუსია ჩემთან ან გუნდის ნებისმიერ ლიდერთან. რაც შეეხება მის განცხადებას, შესაძლოა, არჩევნები ახლოვდება, ერთი წელი დარჩა არჩევნებამდე; შესაძლოა, მას სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა, როგორც ხდება პოლიტიკაში ამისათვის საჭიროა, რაღაც პოლიტიკური მიზეზის დასახელება. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. დაველოდოთ. მან გააკეთა განცხადებები, ის თავად განმარტავს თავისი განცხადების არგუმენტაციას. რაც შეეხება კონკრეტულად სუს-თან დაკავშირებულ კითხვებს, რომლებიც დაისვა ამ ბრიფინგის თუ განცხადების შემდეგ, მე მინდა გითხრათ, რომ დეპუტატი, რომელიც არის არჩეული, მით უმეტეს, რომელიც არის ფრაქციის ლიდერი, დეპუტატისთვის შეკითხვები წერილობითი თუ ზეპირი სახის ნებისმიერი უწყების მხრიდან არ უნდა გახდეს და ვერ უნდა გახდეს რაიმე ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების და განცხადების საფუძველი, როგორზეც მოლოდინები შეიქმნა საზოგადოებაში. დაველოდოთ თავად მას და შემდგომში უკვე, ჩვენ გვექნება ამაზე შესაბამისი შეფასებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ბიძინა გეგიძის სუს-ში დაბარება უკავშირდება თუ არა გიორგი კვირიკაშვილს, რის შესახებაც თავად გეგიძემ განაცხადა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: „მე მგონი, პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდებზე არ უნდა აგებდეს თავის პასუხებს. გითხარით, რომ შესაძლოა და არის ამაზე გარკვეული მოსაზრებები გუნდში, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, მას სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა და ამისთვის, როგორც ხდება პოლიტიკაში, საჭიროა პოლიტიკური მიზეზის დასახელება. თუმცა, სუს-ის გამოგზავნილი წერილი და შეკითხვები რა თქმა უნდა, ვერ იქნება სერიოზული პოლიტიკური მიზეზი, რა გადაწყვეტილებაც უნდა დაასახელოს ბატონმა ბიძინა გეგიძემ“.

სუს-ში დღეს განაცხადეს, რომ ბიძინა გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. თავად ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე მის დაბარებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. „გამოძიება, შესწავლა თუ მოკვლევა დაიწყო 2018 წლის ზაფხულში. მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები, არგუმენტები პოლიტიკურ პროცესებზე. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი, ეს ყველამ იცის. კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო 2 აგვისტოს, როგორც სუს-ი აცხადებს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და ვინ როგორ ცდილობს, გამიჯნოს პოლიტიკა და სამართლებრივი მხარე, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი, რადგან ვარ პოლიტიკაში“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.