არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებამ მოითხოვა, რომ 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, სადაც იქნება უფრო დაბალანსებული პოლიტიკა, უფრო მეტი მონაწილეობა, საზოგადოების დაკვეთას ვასრულებთ
არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებამ მოითხოვა, რომ 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, სადაც იქნება უფრო დაბალანსებული პოლიტიკა, უფრო მეტი მონაწილეობა, საზოგადოების დაკვეთას ვასრულებთ

თუ ჩვენ ოპონენტების გზიდან ჩამოცილებას და ოპონენტებისთვის მომდევნო პარლამენტის ჩაკეტვას ვცდილობთ, მაშინ ლოგიკაში ვერ ჯდება, რატომ მივიღეთ პროპორციული არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება, რატომ ვთქვით უარი ჩვენსავე უპირატესობაზე და რატომ შემოგვაქვს ნულოვანი ბარიერი,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საკონსტიტუციო რეფორმის დროს მიიღო ხელისუფლებამ. შეიცვალა თარიღი და პროპორციული არჩევნები 2020 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა ის არგუმენტები, რის საფუძველზეც ხელისუფლება ახალ სისტემაზე გადასვლას 2024 წლისთვის უჭერდა მხარს რეალური და საფუძვლიანი იყო.

„ის არგუმენტები არ გამქრალა. უბრალოდ, ჩვენ გვესმის საზოგადოების ხმა და ვასრულებთ ხალხის დაკვეთას. არც ერთ წინა ხელისუფლებას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია – ყველა მაშინ ითხოვდა, ოპოზიციაში როცა აღმოჩნდა. თუ ჩვენ გვინდა ვინმეს ჩამოცილება გზიდან, მაშინ ამ გადაწყვეტილებებს არ მივიღებდით არც შარშან და არც წელს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პროპორციული არჩევნების ჩატარების შედეგად საზოგადოება მიიღებს უფრო დაბალანსებულ სისტემას, საქმიან პოლიტიკას და უფრო მშვიდ პოლიტიკურ პროცესს.

„თქვენ ხომ ეჭვი არ გეპარებათ, რომ საზოგადოება ამ ცვლილებებს რომელიმე კონკრეტული ადამიანის შესაყვანად არ გვთხოვდა პარლამენტში? გაკვეთილები, რაც ისტორიამ გვასწავლა არის ის, რომ გვაქვს პოლარიზებული პოლიტიკური სისტემა, სადაც პოლიტიკოსები ჩხუბობენ, ხარჯავენ დიდ ენერგიას, ამ ყველაფერს უყურებს საზოგადოება და ხედავს, რომ ეს გადაწყვეტილებები მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ნაკლებად აისახება. ამიტომ მოგვთხოვა ჩვენ ხალხმა, გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, სადაც იქნება უფრო დაბალანსებული სისტემა, უფრო საქმიანი პოლიტიკა და უფრო მშვიდი პოლიტიკური პროცესი. ეს არის დემოკრატიული გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​