არჩილ თალაკვაძე - საუბარი, რომ ცოტა შემთხვევის დროს გჭირდებოდა საგანგებო მდგომარეობა და მატებისას აღარ არის საჭირო, არ არის ლოგიკური და საფუძვლიანი
საუბარი იმაზე, რომ ცოტა შემთხვევების დროს გჭირდებოდა საგანგებო მდგომარეობა და მატებისას აღარ არის ეს საჭირო, არ არის ლოგიკური და საფუძვლიანი, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მან ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე გააკეთა კომენტარი:
„გულწრფელად მახარებს ის ფაქტი, რომ ასე ჩართული ხართ ამ პროცესში და თქვენი მოსაზრებები, თქვენი გეგმებიც გაქვთ დამუშავებული და ემოციურად საუბრობთ ამ საკითხზე. რაც შეეხება პარლამენტში საკითხის წარმოდგენას, კონსტიტუციით ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ამ საკითხს, ასევე ყველა სამართლებრივ საკითხზე ისაუბრებს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმას, იქნება ეს სოციალური თუ ეკონომიკური დახმარების საკითხები, ამას ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი ამ კვირაშივე უკვე წარუდგენს საზოგადოებას. მათ შორის, იმედია, თქვენც მიიღებთ მონაწილეობას და უშუალოდ მიიღებთ ინფორმაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით.
მეორე, რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ჩვენ ხომ ახლა არ ვმსჯელობთ იმაზე დღეს, თუ რა იქნება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოყენებული შეზღუდვებად. თუ რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს მთავრობა, რომელსაც დელეგირებული აქვს უფლებამოსილებები ამ შემთხვევაში, რომ ეს შეზღუდვები დააწესოს ან მოხსნას“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას.
თალაკვაძის თქმით, მსოფლიოში გრძელდება პანდემია და საქართველოში არის იმაზე ბევრად მეტი შემთხვევა, ვიდრე იყო მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
„ჩვენ გვაქვს მარტივი მოცემულობა, მსოფლიოში გრძელდება პანდემია, ჩვენს ქვეყანაში არის დღეს იმაზე ბევრად მეტი შემთხვევა, ვიდრე იყო მაშინ, როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე. შესაბამისად, დღეს საუბარი იმაზე, რომ ცოტა შემთხვევების დროს გჭირდებოდა საგანგებო მდგომარეობა და როდესაც ბევრად მეტი შემთხვევა გვაქვს და თან ველოდებით უკვე გავრცელების პიკს, დღეს აღარ არის ეს საჭირო, მე ვფიქრობ, რომ არ არის ლოგიკური და საფუძვლიანი. ამაში ყველა ჩემს კოლეგას ვეთანხმები არის ის, რომ მაქსიმალური ჩართულობა, მაქსიმალური გამჭვირვალობა, ინფორმირება საზოგადოების, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ, როგორც ხელისუფლება და მთავრობა, პრემიერ-მინისტრი როგორც ქმედებების წარმმართველი აკეთებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეკონომიკური და სოციალური დახმარების გეგმებზე ამ კვირაშივე უკვე დეტალური ინფორმაცია გავრცელდება.
„რაც შეეხება გეგმებს, საქართველო, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა ქვეყანა, ვინც არის კორონავირუსის პანდემიასთან ბროლის ავანგარდში, ეს არის ავსტრია, ეს არის ჩეხეთი, ეს არის ახალი ზელანდია, გერმანია, ავსტრალია, ამ ქვეყნებთან ერთად დროში თუ გაინტერესებთ, ჩვენც დროში სწორედ მაგ პერიოდში ვასრულებთ მუშაობას ეკონომიკური და სოციალური დახმარების გეგმებზე და საგანგებო მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს სხვადასხვა საკითხებია და ამ მიმართულებით მე გარწმუნებთ, რომ ამ კვირაშივე უკვე დეტალური ინფორმაცია გექნებათ თქვენც და საზოგადოებასაც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.