არჩილ თალაკვაძე – საქმის დაწყება ნამდვილად უსწრებდა დროში ხაზარაძის გეგმებზე განცხადებას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმის დაწყება ნამდვილად უსწრებდა დროში მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების გეგმებზე განცხადებას.
„შესაძლოა, მან დააანონსა გარკვეული პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს საქმე არის ინიცირებულია გაცილებით ადრე, უკვე თვეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს დისკუსიას, საჯარო განხილვებს ამ თემაზე.
შესაბამისად, ეს დროში ნამდვილად წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც გითხარით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ამიტომ, მივესალმებით პროკურატურის მხრიდან საჯაროობას; მივესალმებით, რომ რეგულარულ რეჟიმში, ბრიფინგებით და სხვა საჯარო საშუალებებით მოხდეს საზოგადოების ინფორმირება საქმესთან დაკავშირებით.
რაც შეეხება პარლამენტს, როგორც გითხარით, პარლამენტი ყურადღებით აკვირდება ამ საქმეს და აუცილებლად, მის ამოწურვამდე, მონიტორინგის ქვეშ იქნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.