არჩილ თალაკვაძე - საგარეო კურსი მტკიცედ გვაქვს განსაზღვრული, რაც შეეხება სააკაშვილის პროვოკაციულ განცხადებას ნეიტრალიტეტზე, საზოგადოებას არგუმენტირებული კითხვები აქვს, ეს ვის ინტერესებს ემსახურება
არჩილ თალაკვაძე - საგარეო კურსი მტკიცედ გვაქვს განსაზღვრული, რაც შეეხება სააკაშვილის პროვოკაციულ განცხადებას ნეიტრალიტეტზე, საზოგადოებას არგუმენტირებული კითხვები აქვს, ეს ვის ინტერესებს ემსახურება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, თალაკვაძის თქმით, საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი მტკიცედ აქვს განსაზღვრული, ხელისუფლება და საზოგადოება ამაში ერთიანია.

„რეგიონში არის უმძიმესი კრიზისი, რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა, მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. რასაკვირველია, რეგიონში ყველა ქვეყანა თავისი უსაფრთხოების პირობებსა და საერთო მხარდაჭერაზე ფიქრობს. საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვრული აქვს მტკიცედ, ხელისუფლება და საზოგადოება ამაში ერთიანია. თუ დასავლეთი და საერთაშორისო პარტნიორები შეიმუშავებენ უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს სამომავლოდ, უკრაინის მშვიდობიანი განვითარებისთვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რასაკვირველია, ასეთი დამატებით გარანტიები უსაფრთხოებისთვის საჭირო იქნება საქართველოსთვის. ჩვენ მზად ვართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ ნებისმიერ ფორმატში, თუ რისი გაკეთება შეიძლება დამატებით, რომ საქართველოს დამატებით გრძელვადიანი გარანტიები ჰქონდეს. სამწუხაროდ, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება, რუსეთის სამხედრო დანაყოფები იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე უკანონოდ და 2008 წლის შემდეგ გავაფორმეთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, რაც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითვალისწინებს. 2008 წლის შემდეგ და მანამდეც, საქართველოს ხელისუფლების პრინციპული მოთხოვნაა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დატოვონ ქვეყნის ტერიტორია. საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე ამ პირობის უკან წაღებას არ აპირებს. ეს პირობა არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ნეიტრალიტეტზე, მისი ბევრი პროვოკაციული განცხადება ვნახეთ და საზოგადოებას არგუმენტირებული კითხვები აქვს, თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. სააკაშვილი და მისი გუნდი ის ადამიანები იყვნენ, ვინც საქართველოს ტერიტორიები დამატებით რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს. ასევე, ის გუნდი იყო, ვინც საქართველოში ევროპულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს ძირი გამოუთხარა. პრაქტიკულად, მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის ფარდა ჩამოაფარეს, რომლის უკან დასავლური ღირებულებების გაუგონარი დისკრედიტაცია ხდებოდა. ეს არის მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. იმ რეჟიმში არ ვართ, როცა მისი განცხადებების კომენტირება უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი