არჩილ თალაკვაძე - როგორც კი შეკითხვები საჯაროდ დაისვა, შოთაძე ღირსეულად მოიქცა და თანამდებობა დატოვა
არჩილ თალაკვაძე - როგორც კი შეკითხვები საჯაროდ დაისვა, შოთაძე ღირსეულად მოიქცა და თანამდებობა დატოვა

როგორც კი შეკითხვები საჯაროდ დაისვა, ბატონმა შოთაძემ თქვა, რომ მისთვის მორალური ღირებულებები იყო მნიშვნელოვანი და თანამდებობა დატოვა, რაც ღირსეული გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„იმ ფონზე, როდესაც პროკურატურა ეფექტურად საქმიანობდა, ერთ კონკრეტულ საქმეზე საზოგადოებას, დაზარალებულებს და გარდაცვლილთა მშობლებს პროკურორისა და პროკურატურის მიმართ შეკითხვები გაუჩნდათ. როგორც კი ეს შეკითხვები საჯაროდ დაისვა და ბატონმა შოთაძემ საზოგადოების რეაქცია დაინახა, მისი რეაქცია ის იყო, რომ მან თქვა – ჩემთვის მორალური ღირებულებებია მნიშვნელოვანი და არა თანამდებობა და სკამიო. რადგან ამ საქმეზე შეკითხვები არსებობს და საზოგადოებას სწრაფად ვერ დავარწმუნებთ იმაში, რომ მე პირადად, როგორც ირაკლი შოთაძეს, არაფერი სუბიექტური არ მაქვს, მე თანამდებობას ვტოვებო და ეს თანამდებობა დატოვა, რაც ღირსეული გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად სწორია პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შემდეგ ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის ისევ წარდგენა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძე მაღალი ლეგიტიმაციით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორი იყო და ის პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ყოფილა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ შემთხვევის გარდა, ქვეყნის უახლოეს ისტორიაში მსგავსი მაგალითი არ ყოფილა, როცა მთავარმა პროკურორმა საზოგადოებაში გაჩენილი შეკითხვების გამო თუნდაც, ბოდიში მოიხადა ან პასუხისმგებლობა აიღო.

შეკითხვაზე, მოიხსნა თუ არა კითხვები ირაკლი შოთაძის მიმართ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს იმის მიხედვით უნდა განვსაჯოთ, თუ როგორია პირველ რიგში დაზარალებულთა რეაქციები და ამ საქმის შედეგები.

„ნახეთ, რა მოხდა ამ საქმეში; გამოძიება დასრულდა, პასუხისგებაში მიეცნენ სხვა პირები და ა.შ. საბოლოო ჯამში, ნახეთ ბატონი ზაზა სარალიძის განცხადებები, მეორე მხარის განცხადებები და საზოგადოების რეაქციები. ეს არის ის, რაც ხელის გულზეა. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ საქმეზე კითხვების დიდი ნაწილი, მთავარი კითხვები მოხსნილია და საქმე გამოძიებულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.