არჩილ თალაკვაძე - რაც არ უნდა შეურაცხმყოფელი განცხადებები აკეთოს, მიხეილ სააკაშვილი სტუმარ-მასპინძლობის იდეას ვერ დააზიანებს
არჩილ თალაკვაძე - რაც არ უნდა შეურაცხმყოფელი განცხადებები აკეთოს, მიხეილ სააკაშვილი სტუმარ-მასპინძლობის იდეას ვერ დააზიანებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ტურისტებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოსთვის დამაზიანებელია.

არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი განცხადება გააკეთა.

„განცხადება დამაზიანებელია საქართველოსთვის, თუმცა ეს არავის გაკვირვებია, რადგან პირველად არ ხდება, როცა მიხეილ სააკაშვილი ამ სახის განცხადებებს აკეთებს. სამწუხაროა, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო იმ საერთო სიკეთეს აზიანებს, რაც საქართველოში არის ტურიზმი, სტუმარ-მასპინძლობის იდეა და ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ნაწილი. პირობას გაძლევთ, რომ ამ ქვეყანას ჰყავს და მომავალშიც ეყოლება ღირსეული მასპინძლები და ვერც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც სხვა ლიდერი სტუმარ-მასპინძლობის იდეას ვერ დააზიანებს, რაც არ უნდა ასეთი შეურაცხმყოფელი და უადგილო განცხადებები გააკეთონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ „არ გვჭირდება გაძვალტყავებული ტურისტები, ჯღანები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, გვჭირდება მდიდარი შეიხები“.