არჩილ თალაკვაძე - საგამოძიებო კომისიაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც მამუკა ხაზარაძე მუქარის წერილს წარმოადგენს
არჩილ თალაკვაძე - საგამოძიებო კომისიაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც მამუკა ხაზარაძე მუქარის წერილს წარმოადგენს

ჩვენ პირობა შევასრულეთ და ბანკირებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კომიტეტის სხდომაზე სრული შესაძლებლობა მიეცათ, რომ საკუთარი პოზიციები დაეფიქსირებინათ, საკუთარი პასუხები და არგუმენტები წარედგინათ,-ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ პარლამენტი სწორად ფუნქციონირებს და თავის მოვალეობას ასრულებს.

„რაც შეეხება გუშინდელ სხდომას, ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომელიც ხაზარაძემ მუქარის წერილთან დაკავშირებით გააკეთა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ პარლამენტში აღნიშნული წერილის რაც შეიძლება სწრაფად წარმოდგენას ველოდებით. მნიშვნელოვანია, ვნახოთ ეს წერილი, რათა საგამოძიებო კომისიის შესახებ, გადაწყვეტილება მივიღოთ. ამ განცხადებამ „თიბისი ბანკთან“ და ამ ადამიანებთან მიმართებაში სხვა საკითხების განხილვა შეაჩერა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, წერილთან დაკავშირებული საკითხი გაირკვეს. შევქმნით საგამოძიებო კომისიას თუ არა, ამაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც წერილს პარლამენტში წარმოადგენენ. აქ საკითხი ასე დგას – თუ ეს წერილი არსებობს, თვისობრივად სხვა რეალობასთან ვდგებით. თუ არ არსებობს, მაშინ იმ ბრალდებებზე, რაც გაისმა, პასუხები საჭირო იქნება. ჩემი საქმე არ არის, მჯეროდეს ან არ მჯეროდეს, ჩემი საქმეა როგორც პარლამენტარმა, მტკიცებულებები მოვითხოვო”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი