არჩილ თალაკვაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ რიკერს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში მიღწეულ წარმატებებს. მხარეებმა ასევე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი საკითხები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხებოდა ასევე საარჩევნო სისტემას და მზადებას 2020 წლის არჩევნებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ პროექტებს, მათ შორის, ანაკლიის პორტის მომავალს – ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ამერიკელ პარტნიორებს, რომ პროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მთავრობა შესაძლო ინვესტორებთან კომუნიკაციას გააგრძელებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე და სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების სრული მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.