არჩილ თალაკვაძე - ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებში მოცემულ რამდენიმე ძირითად საკითხზე მიღწეულია შეთანხმება
არჩილ თალაკვაძე - ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებში მოცემულ რამდენიმე ძირითად საკითხზე მიღწეულია შეთანხმება

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო დღე შეაჯამა.

„ჩვენ ვიმსჯელეთ კიდევ ოთხ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეუთო-ს რეკომენდაციებში არის მოცემული და ძირითად საკითხებზე მივაღწიეთ შეთანხმებებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო დღის ბოლოს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეთანხმება დაფინანსების ახალი მოდელისა და სარეკლამო დროის განაწილების გარდა კიდევ ოთხ საკითხზე შედგა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საუბარია მეორე ტურთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე, სიძულვილის ენაზე, მისი დარეგულირების წესზე და საარჩევნო კამპანიების და პარტიების დაფინანსების წყაროების მონიტორინგზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეთავაზებულ ვერსიას ეთანხმებან საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოება.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკითხი, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს. მისივე თქმით, არსებობს ორი გარემოება, რომელთა გათვალისწინებითაც მმართველი ძალის მიერ შეთავაზებულია კომპრომისული ვარიანტი.

„ჩვენ, მეტწილად დავაკმაყოფილეთ ეუთო-ს რეკომენდაცია, რომ უნდა გაუმჯობესდეს ბალანსი ოპოზიციას და მმართველ პარტიას შორის და გავუზარდეთ წარმომადგენლობა ოპოზიციას, რათა ამ გზით მივაღწიოთ საარჩევნო ადმინისტრაციის უფრო მეტ დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებთ ისე, რომ ოპოზიციას გადავცეთ მართვაში საარჩევნო ადმინისტრაცია და იმასაც ვერ დავტოვებთ, რომ მმართველ პარტიას ჰქონდეს დომინანტური გავლენა საარჩევნო ადმინისტრაციაში. არის კომპრომისული ვარიანტი შეთავაზებული, რაზეც ექსპერტებმა თქვეს, რომ ეს ეუთო-ს მიერ გაცემულ რეკომენდაციას დიდწილად აკმაყოფილებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებზე მსჯელობას ხვალ გააგრძელებს.