არჩილ თალაკვაძე - დემოკრატიაზე, არჩევნების შედეგებზე თავდასხმა არის რუსეთის ინტერესებში, საზოგადოებას ვთხოვ, დაფიქრდეს, რას ემსახურებიან რადიკალური პარტიები
არჩილ თალაკვაძე - დემოკრატიაზე, არჩევნების შედეგებზე თავდასხმა არის რუსეთის ინტერესებში, საზოგადოებას ვთხოვ, დაფიქრდეს, რას ემსახურებიან რადიკალური პარტიები

დემოკრატიაზე, არჩევნების შედეგებზე თავდასხმა არის რუსეთის ინტერესებში, საზოგადოებას ვთხოვ, დაფიქრდეს, რას ემსახურებიან რადიკალური პარტიები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ დღეს გვყავს რადიკალური ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მთავარი „დემოკრატიული ლოზუნგი“ არის, რომ „არჩევნებში ვიდრე ჩვენ არ გავიმარჯვებთ, ის არ არის დემოკრატიული“. ანუ ეს არის მათი პრეზუმფცია, ისინი ამბობენ, თუკი არჩევნებში არ გაიმარჯვებენ, ისე ეს არ არის დემოკრატიული.

​რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. შესაბამისად, მათ მიერ მართული ცალკეული პროცესები გუშინ ჩვენ ვნახეთ ცესკო-სთან, საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები ქვებს ურტყამდნენ ცესკო-ს წინ აღმართულ კარს და სადაც ვნახეთ სხვათა შორის სამწუხაროდ ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენელიც როგორ ახდენდა თავდასხმას ქვებით ამ ბარიერზე. მედიის თანამშრომელი არ იყო? უბრალოდ, გეხმარებოდათ კამერის და სადგამის გადატანაში?“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ ჟურნლაისტებს.

​მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება არ დაუშვებს დემოკრატიაზე თავდასხმას.

„საქართველოში გადაწყვეტილებებს საზოგადოება იღებს მხოლოდ არჩევნების გზით. ვინმეს თუ აქვს პროტესტის სურვილი, ვინმეს თუ სურს, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს, ამისთვის არსებობს კანონმდებლობით დადგენილი ფარგლები და ამ კანონმდებლობას ვერავინ ვერ გასცდება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კანონდარღვევით ვინმემ სცადოს საქართველოში დემოკრატიაზე თავდასხმა და ასევე, გეტყვით რომ დემოკრატიაზე თავდასხმა, არჩევნების შედეგებზე თავდასხმა არის პირველ რიგში რუსეთის ინტერესებში.

და მე საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ, დაფიქრდეს ამაზე, თუ რას ემსახურებიან ის პოლიტიკური პარტიები, რადიკალური პარტიები, რომლებიც ამ სცენარს უწევენ მხარდაჭერას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.