არჩილ თალაკვაძე - ცინიკურია რუსეთის განცხადება, თითქოს ჩვენ ჩავშალეთ რაიმე მოლაპარაკებები
არჩილ თალაკვაძე - ცინიკურია რუსეთის განცხადება, თითქოს ჩვენ ჩავშალეთ რაიმე მოლაპარაკებები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ცინიკურს უწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლის შემდეგ რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„ცინიკურია, რომ ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს და პასუხისმგებელია იმ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, რაც ორივე ოკუპირებულ რეგიონშია, ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია დესტრუქციული ქმედებების განხორციელება.

ჩვენი ერთადერთი ლეგიტიმური ინტერესი ამ პროცესში არის, რომ რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და პირობები; საქართველო რუსმა ჯარისკაცებმა დატოვონ, რომელიც უკანონოდ იმყოფებიან ჩვენს რეგიონებში; დასრულდეს ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ჩვენ, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო ფორმატებში, დავადასტურეთ, რომ საქართველო ამ პრობლემის გადაჭრას ხედავს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებით, დემოკრატიული განვითარებით, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით და იმ საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, სიმართლე არის სწორედ საქართველოს მხარეს, ვინაიდან რუსეთის ჯარისკაცები იმყოფებიან ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არა ჩვენი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიაზე.

შესაბამისად, ბრალდება, თითქოს ჩვენ ჩავშალეთ რაიმე მოლაპარაკებები, სადაც ჩვენ პერმანენტულად ვითხოვთ ამ პირობების შესრულებას, რა თქმა უნდა, არის ცინიკური. იმედი მაქვს, რომ მხარეები ამ ფორმატში გააგრძელებენ ჩვენთან ერთად მუშაობას, მოლაპარაკებებს და იქნება ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული, რასაც საერთაშორისო სამართალი მოითხოვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.