არჩილ თალაკვაძე - აუცილებლად უნდა შევაფასოთ მომხდარი, არ ვაპირებთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გადავცეთ ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილს
არჩილ თალაკვაძე - აუცილებლად უნდა შევაფასოთ მომხდარი, არ ვაპირებთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გადავცეთ ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილს

აუცილებლად უნდა შევაფასოთ მომხდარი, არ ვაპირებთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გადავცეთ ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილს, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის წინ სიტყვით გამოსვლისას, რა დროსაც ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

თალაკვაძის თქმით, ყველაფერი კეთდება და პარლამენტი ზედმიწევნით ყურადღებით იქნება, რომ მომავალშიც გაკეთდეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვის, ვისი ჯანმრთელობაც დაზარალდა მიმდინარე მოვლენების ფონზე.

„პირველ რიგში, მადლობას გიხდით ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, გავხდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ვუხელმძღვანელო ამ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის მუშაობას. საჯაროდ ვდებ პირობას, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ, ადამიანებს, საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს პირუთვნელად, შედეგიანად და გონივრულად ვემსახურო. ამაში მაქვს თითოეული თქვენგანის მხარდაჭერის იმედი. დასანანია, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოო შედეგად მოგვცა ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ახალგაზრდები და პოლიციელები არიან დაშავებულები. ჩვენი ფიქრი და ყურადღება დღეს პირველ რიგში, სწორედ ამ ადამიანებს ეკუთვნით. ყველაფერი კეთდება და პარლამენტი ზედმიწევნით ყურადღებით იქნება, რომ მომავალშიც გაკეთდეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვის, ვისი ჯანმრთელობაც დაზარალდა მიმდინარე მოვლენების ფონზე. ვინც, ალბათ, გადაიხადა ყველაზე მეტი ფასი მიმდინარე მოვლენების გამო და იმის გამო, რომ ოპოზიციიდან ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი აღმოჩნდა აგრესიული დღის წესრიგის წინა რიგებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან თანაგრძნობა გამოხატა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც რუსთაველზე განვითარებული მოვლენებისას დაზარალდა.

„მინდა, ასევე, გამოხატო ჩემი თანაგრძნობა თითოეული ამ ადამიანის, მათი ოჯახების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიმართ, ვინც დაშავდნენ ამ მოვლენების შედეგად. გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა და პატივისცემა ჟურნალისტების მიმართ, ვინც ასევე დაშავდნენ მოვლენების გაშუქების დროს. გამოვხატო ჩემი პატივისცემა პოლიციელების მიმართ, რომლებიც დაშავდნენ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის და სახელმწიფო ინტერესების, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მომენტში.

ჩვენ აუცილებლად უნდა შევაფასოთ მომხდარი. არ ვაპირებთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გადავცეთ, ან არც გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს მოვთხოვოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვისაც ეს, ელემენტარულად, არ გააჩნია და მათ თუნდაც, დღევანდელ დღეს ვერ უზრუნველყვეს დებატებში მონაწილეობა, ვერ უზრუნველყვეს ის, რასაც საზოგადოება მათგან ელოდებოდა, როდესაც ირჩევდნენ. ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ კი არ მოეტყუებინათ საზოგადოება, რომ თითქოს დღეს ვინმე აქ განიხილავს წყლის ან ტყის რესურსების ან სხვა რომელიმე საკითხს. ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ დარჩენილიყვნენ დარბაზში და მონაწილეობა მიეღოთ ამ პოლიტიკურ დებატებში, სადაც ჩვენ ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის ამ ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებს, მაგრამ ოპოზიციის ამ ნაწილმა აირჩია გზა, რომელიც არის მათი დღის წესრიგის ნაწილი. ეს არის დესტრუქცია, ეს არის გაქცევა მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან და ეს არის იგნორირება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობის და საქართველოს პარლამენტის. სამწუხაროდ, ეს ასეა, მაგრამ არჩევის შემდეგ, მე მაქსიმალურად ვეცდები, გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ პროცესები და მათ შორის, ოპოზიცია, სრულად, დაბრუნდეს სამუშაო რეჟიმში და ჩვენ საქმიანი, მომავალზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა ვაკეთოთ პარლამენტში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, სანამ ოკუპაცია გრძელდება, რუსეთის დუმის არცერთი დეპუტატის ადგილი არ არის და არ იქნება საქართველოს პარლამენტში.

„სანამ ოკუპაცია გრძელდება, არცერთი კომპრომისი არ იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. მინდა, კიდევ ერთხელ შევაფასო ის, რაც მოხდა. ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი. პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა მყისიერი, ძალიან პრინციპული შეფასება და ჩვენი გუნდის ყველა ლიდერმა სათანადო შეფასება მისცა იმ პროვოკაციულ ჟესტს, რასაც ჰქონდა აქ ადგილი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ამ პროვოკაციული სცენარის თავიდან აცილება და მისი პროგნოზირება, თუმცა, ამის გამო ჩვენ ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც და კონსტიტუციით ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა, ჩვენმა თანაგუნდელმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, გუნდის პასუხისმგებლობა აიღო და დატოვა დაკავებული თანამდებობა. ისევე, როგორც ჩვენმა კოლეგამ ზაქარია ქუცნაშვილმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა პარლამენტის წევრის მანდატი. ეს მოხდა 24 საათის განმავლობაში. როგორც რეაქციები, ასევე, კონფერენციის შეწყვეტა, ასევე, რუსეთის დეპუტატების მიერ საქართველოს დატოვება და შემდგომში ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის განხორციელება მოხდა 24 საათის განმავლობაში. შეაფასეთ, იყო თუ არა ეს დრო გონივრული, შეაფასეთ, არის თუ არა ეს პასუხისმგებლიანი ქცევა ჩვენი მხრიდან. დიახ, არის. ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოებას ვაჩვენეთ მომხდარზე“, – აღნიშნა პარლამენტში გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი