არჩილ თალაკვაძე - აშშ-ში ჩვენს არგუმენტებს ჩავიტანთ, სათითაოდ შევხვდებით და სრულ ინფორმაციას მივაწვდით კონგრესმენებს
არჩილ თალაკვაძე - აშშ-ში ჩვენს არგუმენტებს ჩავიტანთ, სათითაოდ შევხვდებით და სრულ ინფორმაციას მივაწვდით კონგრესმენებს

აშშ-სთან ჩვენ გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობა და მტკიცე მეგობრობა, რასაც ვერანაირი კითხვის ნიშანი ვერ დაესმება და ჩრდილს ვერაფერი მიაყენებს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„თქვენ განათლებული, გამოცდილი ჟურნალისტი ხართ, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებთ და მინდა, შეკითხვა დაგისვათ – გახსენდებათ თუ არა ჩვენი ხელისუფლების პირობებში ერთი კონკრეტული პოლიტიკური მომენტი ან ჩვენს თანამშრომლობაში ერთი მონაკვეთი, სადაც ხელისუფლებამ საქართველოს აშშ-თან თანამშრომლობის პრინციპები, ჩვენი ორმხრივი ინტერესები, საერთო ღირებულებები და ამოცანები, რაც დასახული გვაქვს, ვალდებულებები, პირობები, ორმხრივი შეთანხმებები და მეგობრობა არ შეასრულა? გახსენდებათ თუ არა ერთი შემთხვევა მაინც, სადაც ორმხრივი შეთანხმების პრინციპები დაირღვა და საქართველომ აშშ-სთან გაცემულ ორმხრივ მეგობრულ პირობას უღალატა ან საქართველომ რეგიონში, თუ ქვეყანაში აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედა? თუ ასეთი გახსენდებათ, მითხარით, მაგრამ ასეთი რამ არ ყოფილა“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ გადაცემის წამყვანს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გამოიწვია თუ არა აშშ-ში მისი ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესმენთა წერილებმა და გახშირებულმა კრიტიკამ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას აშშ-ში რეგულარული ვიზიტები აქვს და ეს მისი მეორე ვიზიტი იქნება. ხოლო, რაც შეეხება წერილებს, ხელისუფლებას მზად აქვს პასუხები და არგუმენტები ყველა იმ შეკითხვაზე, რასაც კონგრესმენები წერილებში სვამენ და შეხვედრებისას მათ სრულ ინფორმაციას მიაწვდიან.

„წერილები და მოსაზრებები, რომლებიც ვაშინგტონიდან მივიღეთ, ჩვენი კოლეგა კონგრესმენების, პოლიტიკოსთა პოზიციებია და ჩვენი მხრიდან ეს ცალსახად არის აღქმული, როგორც მეგობრების მოსაზრება. იქ, სადაც ისინი კითხვებს სვამენ, ჩვენ მზად გვაქვს პასუხები და არგუმენტაცია. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო. აშშ-ში ჩვენ რეგულარული ვიზიტები გვაქვს და ეს უკვე ჩემი მეორე ვიზიტი იქნება. ჩვენ ამ არგუმენტებს ჩავიტანთ, ყველას სათითაოდ შევხვდებით და სრულ ინფორმაციას მივაწვდით, თუ რამ გამოიწვია ეს გადაწყვეტილება და როგორია ჩვენი ხედვა მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის შეთანხმების საგანია.

„პროპორციული სისტემა არ იყო მთელი საზოგადოების მოთხოვნა და დღემდე ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სჯობს, შერეული სისტემა იყოს, ზოგს კი სრულად მაჟორიტარული სისტემა ურჩევნია. მათ შორის, დეპუტატებიც ფიქრობენ ასე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.