24 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
24 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ხუთშაბათს, 24 იანვარს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, მოსამართლეებთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. თალაკვაძის თქმით, უმრავლესობის უკლებლივ ყველა წევრს სხდომაზე დასწრების მიწვევა უკვე მიღებული აქვს.

„უმრავლესობის ყველა წევრს აქვს მიწვევა, რომ დაესწროს უმრავლესობის სხდომას. ეს შეხვედრები არის სწორედ იმისთვის, რომ უმრავლესობის ყველა წევრს ჰქონდეს შესაძლებლობა მათთვის აქტუალურ საკითხებზე გამოხატონ პოზიცია, ჩაერთონ საერთო მსჯელობაში და არც ეს სხდომა იქნება გამონაკლისი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერი არ აკონკრეტებს, დადგება თუ არა დღის წესრიგში პარტიიდან რომელიმე დეპუტატის, მათ შორს ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის გარიცხვის საკითხი. თალაკვაძის განმარტებით, ყველა ასეთ შეკითხვას პასუხი ხუთშაბათს, სხდომის დასრულების შემდეგ გაეცემა.

როგორც უმრავლესობის ლიდერი ამბობს, ხუთშაბათის სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. მისივე თქმით, უმრავლესობის წევრები სასამართლოსთან და მოსამართლეებთან დაკავშირებულ თემებთან ერთად, ბიუჯეტის შესრულებაზე, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებაზე და კომიტეტების მუშაობის ანგარიშებზეც იმსჯელებენ.