არჩილ და შოთა არველაძეები უზბეკეთში საქართველოს ელჩმა დააჯილდოვა
არჩილ და შოთა არველაძეები უზბეკეთში საქართველოს ელჩმა დააჯილდოვა

შოთა არველაძის გაწვრთნილი ტაშკენტის „ფახტაკორი“ უზბეკეთის სუპერლიგის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

ამ წარმატებისთვის, შოთა არველაძე უზბეკეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ აბდუშელიშვილმა დააჯილდოვა. ამის შესახებ შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„უზბეკეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ აბდუშელიშვილმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მე და აჩი სამახსოვრო საჩუქრებით დაგვაჯილდოვა. მადლობას ვუხდი ბატონ ელჩს, ზურაბს და საქართველოს საელჩოს უზბეკეთში დაფასებისთვის და მხარდაჭერისთვის“, – წერს შოთა არველაძე.

შოთა არველაძეს ასევე ქართველი სპეციალისტი გოჩა ტყებუჩავა ეხმარება, ხოლო მისი ტყუპისცალი არჩილ არველაძე გუნდის სპორტული დირექტორია.

აღსანიშნავია, რომ მე-20 ტურის შეხვედრას, სადაც ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა „ფახტაკორმა“ გასვლაზე ბეკაბადის „მეტალურგი“ 2:1 დაამარცხა და ოქროს მედლები მოიპოვა, ზურაბ აბდუშელიშვილი და საელჩოს სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.