არჩილ ბერიძე - ბათუმის „დინამოში“ ბევრი ახალწვეული იქნება #1TVSPORT
არჩილ ბერიძე - ბათუმის „დინამოში“ ბევრი ახალწვეული იქნება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე გუნდში რჩება, მაგრამ სამწვრთნელო სტაფში ცვლილება იქნება, ხოლო შემადგენლობას საკმაოდ ბევრი მოთამაშე დატოვებს.

„ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილზე გავედით და მიმაჩნია, რომ სეზონი წარუმატებელი იყო. ეს ყოველთვის მწვრთნელს ბრალდება, მაგრამ მე ყველაფერს გია გეგუჩაძეს ვერ დავაბრალებ. ის გუნდს ბოლო 5 წელი ხელმძღვანელობს, რაც ბათუმის „დინამოს“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო. თბილისში, ეროვნული ლიგის მატჩზე ჩვენმა გუნდმა სტადიონზე 22 ათასი ადამიანი მიიყვანა, რაც დიდი ხანია არ მომხდარა და ამის დავიწყებაც შეუძლებელია.

გეგუჩაძე გუნდში რჩება, მაგრამ სამწვრთნელო სტაფში ცვლილებები აუცილებლად იქნება. ამასთანავე, მამუკა ჯუღელთან და კრისტიანო ძაკარდოსთან ერთად, კლუბის აკადემიის პროექტზე ვმუშაობთ. თაობათა ცვლა რომ დაიწყება, ვეტერანები, ნაწილობრივ, საკუთარი აღზრდილებით უნდა ჩავანაცვლოთ. მამუკა ჯუღელი ბათუმში სწორედ ამ მიზნითაა. ამას გარდა, ახალწვეულების დამატებაზეც ვმსჯელობთ.

რა შეიცვლება ახალ სეზონში ბათუმის „დინამოში?“ ძალიან ბევრი რამ. რამდენიმე ფეხბურთელი დაგვტოვებს, მათ ნაცვლად ბევრი ახალი მოთამაშე მოვა, ჩვენი მიზანი დღევანდელზე უკეთესი გუნდის ჩამოყალიბებაა. ყველაფერი შესაძლებლობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ფეხბურთელებს იმიტომ ვუშვებთ, რომ უკეთესების დამატება გვსურს“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრის დროს.