არჩილ ბერიძე ადასტურებს - ბათუმის „დინამო“ ქალაქის სტადიონზე უფასოდ ითამაშებს #1TVSPORT
არჩილ ბერიძე ადასტურებს - ბათუმის „დინამო“ ქალაქის სტადიონზე უფასოდ ითამაშებს #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ საშინაო არენის დასაქირავებლად საიჯარო თანხას აღარ გადაიხდის. აჭარის მთავრობამ კლუბს ბათუმის არენის უფასოდ გამოყენების საშუალება მისცა – Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ დაადასტურა.

გავრცელებული ცნობის მიხედვით, გუნდი თითოეული საშინაო მატჩისთვის სტადიონის ქირაობაში 17-დან 20 ათასამდე ლარს იხდიდა და გუნდმა დიდი შეღავათი მიიღო.

„აჭარის მთავრობის ეს გადაწყვეტილება კლუბისთვის დიდი შეღავათია, რადგან წელიწადში 24-25 თამაშს ვატარებდით და იჯარაში სოლიდური თანხები გვეხარჯებოდა, ახლა კი ამ თანხის ეკონომიას გავაკეთებთ.

გუნდი რომ ჩავიბარეთ, არც შედეგები გვქონდა და არც ინფრასტრუქტურა. ამის გამო სხვადასხვა ქალაქში გვიხდებოდა თამაში. ბოლო პერიოდში გუნდმა შედეგები გააუმჯობესა და არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოვიპოვეთ.

პარალელურად, აგვიშენეს თანამედროვე სტადიონი, გადმოგვცეს ანგისას ბაზა და დღეს ბათუმის „დინამო“ ქართული საკლუბო ფეხბურთის ლიდერია. ეს აჭარის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის დამსახურებაა. ის ბათუმის „დინამოს“, საკუთარი ქალაქის, რეგიონის და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარია და ითვალისწინებს, რომ ბათუმში ხალხს ფეხბურთი უზომოდ უყვარს“, – ამბობს ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი.