არჩილ არველაძე - სასიხარულოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა და მისი მისვლა გუნდსაც დაეტყო #1TVSPORT
არჩილ არველაძე - სასიხარულოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა და მისი მისვლა გუნდსაც დაეტყო #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ არჩილ არველაძემ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.

„მინდა, ხვიჩას წარმატება მივულოცო – განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ თამაშში. ალბათ, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არავის უკვირს, ახალ გუნდს ასე კარგად რომ შეეწყო. მით უფრო დასაფასებელია, რომ დაამარცხეს „ლივერპული“, რადგან ყველამ ვიცით, ეს რა დონის გუნდია.

პარიზელებს პირველ შეხვედრაში უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ საკუთარ მოედანზე წაგება წარმოუდგენელი უიღბლობა იყო. ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი კარგი თამაში იშვიათად მინახავს.

„პარი სენ-ჟერმენი“ გრანდი არ არის, მაგრამ ახლა ძალიან მაღალი დონის გუნდი გახდა. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს სანახაობრივად საუკეთესო ფეხბურთს მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ და პსჟ თამაშობენ. ასეთი თამაშით, ჩემი აზრით, პარიზელები ნახევარფინალში გავლენ და ფინალში თამაშსაც იმსახურებენ.

სასიხარულოა, რომ ხვიჩა ამ გუნდში გადავიდა და მისი მისვლა გუნდსაც დაეტყო. მართალია, დემბელესავით სწრაფი არაა, მაგრამ ბურთის შენარჩუნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება შეუძლია. „ლივერპულთან“ ორი ისეთი გადაცემა შეასრულა, რომლებიც გოლით უნდა დაგვირგვინებულიყო. ლუის ენრიკეს 4-5 ისეთი თავდამსხმელი ჰყავს, რომლებიც მწვრთნელს როტაციის საშუალებას აძლევს.

სულ ვფიქრობდით, ხვიჩას რა პოზიციაზე უნდა ეთამაშა. ლუის ენრიკემ ის ყველაგან გამოსცადა, ცენტრალურ თავდამსხმელადაც ათამაშა. მთავარია, რომ პსჟ-ის შემტევები ერთმანეთს უკვე გრძნობენ და აღარ არის ის მომენტი, რომ ახალგადმოსულ ფეხბურთელს ბურთი არ მისცენ“.