არჩილ არველაძე - მიმაჩნია, ბელარუსმა ვერც ერთ კომპონენტში ვერ უნდა გვაჯობოს (ვიდეო)
არჩილ არველაძე - მიმაჩნია, ბელარუსმა ვერც ერთ კომპონენტში ვერ უნდა გვაჯობოს (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამხმელმა არჩილ არველაძემ 8 ოქტომბერს ბელარუსთან დანიშნულ ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაზე ილაპარაკა.

„ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან არასოდეს ვყოფილვართ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიმაჩნია, რომ მეტოქემ ვერც ერთ კომპონენტში ვერ უნდა გვაჯობოს. მთავარი განწყობაა და თუ ფეხბურთელი სათამაშოდ კარგად განეწყობა, ერთი მატჩი, შესაძლოა, უთამაშებელმაც კარგად ჩაატაროს,“ – ამბობს არჩილ არველაძე.

მან გუნდის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ჩაკვეტაძეზე საინტერესო მოსაზრება დააფისირა:

„არ აქვს მნიშვნელობა, გიორგი ძირითადში იქნება თუ არა. შესაძლოა, 15 წუთი გამოვიდეს, სულ ერთი დრიბლინგი შეასრულოს ან საგოლე გადაცემა გააკეთოს, ან თავად გაიტანოს და თამაში მოიგოს. ამიტომ იწვევენ მწვრთნელები ფეხბურთელებს, რომლებსაც მატჩის ბედის ინდივიდუალურად გადაწყვეტა შეუძლიათ. გიორგი კი სწორედ ასეთი მოთამაშეა, შეუძლია თამაშის ბედი ერთ წამში შეცვალოს“.

არველაძე ბელარუსისგან კონტრშეტევაზე თამაშს ელის:

„მეტოქის თამაშის სტილი ვიცით და დარწმუნებული ვარ, დაცვიდან ითამაშებს, შეეცდება, ტემპში არ აგვყვეს და თავის მიზანს კონტრშეტევაზე მიაღწიოს“.

მისი აზრით, კვარაცხელია ნებისმიერ ფლანგზე სასარგებლო იქნება:

„არის დრო, როდესაც მოედანზე საუკეთესო მოთამაშეებს აყენებენ. ასე იყო ალექსანდრე ჩივაძე და მოთამაშეს პოზიციას უცვლიდა. ხვიჩა, რა თქმა უნდა, მარცხენა ფლანგზე უკეთესია, მაგრამ მან სექტემბრის სანაკრებო მატჩებში მარჯვნიდან ითამაშა და მაინც საუკეთესო იყო“.

არველაძემ ის მოთამაშეები დაასახელა, რომლებსაც მისი აზრით ბელარუსთან მატჩში ვლადიმირ ვაისი ენდობა:

„მაინც მგონია, რომ გამოკვეთილ თავდამსხმელად ქვილითაიას დააყენებს, რადგან ბოლო დროს ფორმაშია და გოლები გაიტანა. მას ვაისი კაჭარავას ამჯობინებს, შეტევაში კი ყაზაიშვილს წინ არ დააყენებს. ოქრიაშვილი ოპტიმალურ ფორმაშია და ალბათ, ითამაშებს. თურქეთში ძალიან კარგი სტარტი აქვს ლევან შენგელიასაც – შარშანდელ სეზონში „კონიასპორის“ ბოლო შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა, 2 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდი ლიგაში პირადად დატოვა. ნაკრების დახმარება მასაც შეუძლია, მაგრამ სანაკრებო მატჩებში მაინც გამოუცდელია და ესეც გასათვალისწინებელია. მე კი მგონია, ვაისი აქცენტს გამოცდილ ფეხბურთელებზე გააკეთებს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებები ერთმანეთს თბილისში 8 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შეხვდებიან – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.