არჩევნების გამო მარსელო „ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
არჩევნების გამო მარსელო „ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT

5 მაისს მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩში „ჩელსის“ დაუპირისპირდება. შეხვედრა ლონდონში გაიმართება, თუმცა ვერ ითამაშებს „რეალის“ 32 წლის მცველი მარსელო.

მიზეზი მადრიდში 4 მაისს დაგეგმილი არჩევნებია: ესპანეთში ყოველი არჩევნებისას დამკვირვებლებს შემთხვევითი კენჭისყრის შედეგად არჩევენ. ამჯერად ბრმა კენჭისყრამ დამკვირვებლის სტატუსი მარსელოს არგუნა, რომელიც ბრაზილიელია, თუმცა დიდი ხანია პირენეებზე ცხოვრობს და ესპანეთის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ჩელსის“ პირველი დაპირისპირება მადრიდში 1:1 დასრულდა.

ეს ესპანეთში არჩევნების გამო პროფესიონალური მატჩის გამოტოვების პირველი შემთხვევა არ არის – 2019 წელს არჩევნების გამო „ლევანტეს“ შეხვედრაში მეკარე აიტორ ფერნანდესმა მონაწილეობა ვერ მიიღო.