არც ხარისხი და არც ფიზმომზადება - ვლადიმირ ვაისმა წაგებულზე საუბრისას პრობლემები და მსაჯობა ახსენა
არც ხარისხი და არც ფიზმომზადება - ვლადიმირ ვაისმა წაგებულზე საუბრისას პრობლემები და მსაჯობა ახსენა

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში დანიასთან წაგებული (1:5) შეხვედრა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე შეაფასა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მასპინძელთა უპირატესობა აღიარა და მსაჯების შეცდომებზეც ილაპარაკა.

„როდესაც ანგარიში გავათანაბრეთ, ჩვენი ძალების ვირწმუნეთ და უკეთ ავთამაშდით, მაგრამ შემდეგ გავუშვით ორი გოლი, რომლებიც მსაჯს არ უნდა ჩაეთვალა. ჯერ მას პენალტი არ უნდა დაენიშნა, მესამე გოლზე კი მეკარეზე წესი აშკარად დაირღვა. მართალია, დღეს უკეთესმა გუნდმა მოიგო, მაგრამ დანიას მსაჯის დახმარება არ უნდა დასჭირდეს“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა წაგების მიზეზად კლასში სხვაობა დაასახელა.

„დღეს საქართველოს ნაკრები დანიასთან წინააღმდეგობის გასაწევად მზად არ არის. მათი და ჩვენი თამაშის ხარისხში დიდი განსხვავებაა. ზოგადად, ჩვენი მთავარი საზრუნავი ერთა ლიგის ნახევარფინალის ისტორიული მატჩია, რომელიც 2020 წლის მარტში გაიმართება“, – აღნიშნა ვაისმა.

ვლადიმირ ვაისს განმარტების გაკეთება უცნაურ შემადგენლობაზეც მოუხდა – საქართველოს ნაკრებმა კოპენჰაგენში ოთხი საყრდენი ნახევარმცველით და ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე ითამაშა.

„ეს არ იყო შეცდომა. თამაში ახლა თავიდან რომ იწყებოდეს, იგივე შემადგენლობას დავაყენებდი. წაგებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, მაგრამ ამ მარცხს ობიექტური მიზეზები აქვს“, – განაცხადა ვაისმა.

სლოვაკმა სპეციალისტმა ლევან ხარაბაძისა და გიორგი ხარაიშვილის პასიურობის მიზეზები ახსნა.

„მათ ძირითად შემადგენლობაში რომ ითამაშონ, საამისოდ ძალისხმევას უნდა მოუმატონ. თანამედროვე ფეხბურთს ათლეტები თამაშობენ და საერთოდ, ამაზე ყველა ქართველმა ფეხბურთელმა უნდა იმუშავოს“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

დატოვე კომენტარი