არბიტრი, რომელმაც ჯუდ ბელინგემი გააძევა, მსაჯობას ჩამოაცილეს - მის მიმართ გამოძიება დაიწყო #1TVSPORT
არბიტრი, რომელმაც ჯუდ ბელინგემი გააძევა, მსაჯობას ჩამოაცილეს - მის მიმართ გამოძიება დაიწყო #1TVSPORT

ესპანელი არბიტრი ლუის მონტერო, რომელიც ლა ლიგის ბოლო ტურში ემსახურებოდა „ოსასუნასა“ და „რეალის“ სკანდალურ მატჩს, დროებით ჩამოაშორეს სამუშაოს. ამის შესახებ წერს გაზეთი Marca.

შეგახსენებთ, რომ მონტერომ პირველ ტაიმში შეურაცხყოფის გამო მოედნიდან გააძევა „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი. თავად ფეხბურთელმა მოგვიანებით აღიარა, რომ შეიგინა, მაგრამ, ამასთან, მსაჯისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

გაირკვა, რომ მონტეროს წილი აქვს კომპანია Talentus Sport-ში, რომელიც კონსალტინგურ მომსახურებას ახორციელებდა ლა ლიგისთვის, უეფა-სთვის, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის, აგრეთვე „მანჩესტერ სიტისთვის“, „ასტონ ვილასა“ და „პარი სენ-ჟერმენისთვის“, რაც არ შეესაბამება ეთიკის კოდექსს.

აღნიშნავენ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსაჯის მიმართ გამოძიება დაიწყო. როგორც კი ცნობილი გახდა ამ საქმის იურიდიული განყოფილებისთვის გადაცემის შესახებ, მონტერომ წაშალა ყველა კვალი, რაც მას ამ კომპანიასთან აკავშირებდა. მან ასევე გააუქმა თავისი პროფილი სოციალურ ქსელებში, სადაც მითითებული იყო აღნიშნული კომპანია.