არანაირი პრობლემა - ნაკრების წევრები ყაზახეთიდან და ამერიკიდან მოდიან
არანაირი პრობლემა - ნაკრების წევრები ყაზახეთიდან და ამერიკიდან მოდიან

„ევრო2020“-ის პლეიოფის ფინალში საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ყველა ის წამყვანი მოთამაშე დაეხმარება, რომელთა საკითხიც პრობლემური იყო – ეს ამბავი დღეს გახდა ცნობილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას „დინამო-არენაზე“ 12 ნოემბერს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

ისტორიულ დაპირისპირებამდე ყაზახეთში მომუშავე ქართველმა სპეციალისტმა, კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე შესაძლოა, პრობლემები შექმნილიყო ნაკრების შეკრებაზე ყაზახური „ტობოლის“ ლეგიონერების, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ასევე გულშემატკივრებისთვის უცნობი იყო, საქართველოს ნაკრებისთვის საკვანძო მოთამაშეების, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის საკითხი – რამდენად უპრობლემოდ მოახერხებდნენ „სან ხოსედან“ ქართველი ფეხბურთელები დროულად ჩამოსვლას.

საბედნიეროდ, მათ ჩამოსვლასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შექმნილა და „ჯვაროსნების“ შეკრებაზე, რომელიც დღეს, 9 ნოემბერს დაიწყება, ყველა გამოცხადდება.