არალეგალური ორმაგი მოქალაქეობის გამო, 85 თურქს ავსტრიის მოქალაქეობა ჩამოართვეს
არალეგალური ორმაგი მოქალაქეობის გამო, 85 თურქს ავსტრიის მოქალაქეობა ჩამოართვეს

ავსტრიის მოქალაქეობა 85 თურქს ჩამოართვეს, რომლებიც ავსტრიის გარდა, არალეგალურად თურქეთის მოქალაქეობასაც ფლობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული მედია ავრცელებს.

გამოცემა Krone-ს ცნობით, ავსტრიის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება კიდევ 100-მდე პირთან მიმართებაშია მიღებული, თუმცა ჯერ ძალაში არ შესულა.

ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ავსტრიაში მცხოვრები ათასობით თურქის შემოწმება გრძელდება. არსებული მონაცემებით, მხოლოდ ვენაში 18 ათასი მოქალაქე შემოწმდება.

კანონით, ავსტრიის მოქალაქეობის მიღებისას პირი ვალდებულია, უარი თქვას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე. ავსტრიული მედიის ცნობით, ორმაგი მოქალაქეობა იურიდიულად მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, მაგალითად, თუ პირის ერთი მშობელი თურქეთის, ხოლო მეორე ავსტრიის მოქალაქეა.