არაფერი შეცვლილა - ლიოვი არ აპირებს ნაკრებში მიულერის, ბოატენგისა და ჰუმელსის დაბრუნებას
არაფერი შეცვლილა - ლიოვი არ აპირებს ნაკრებში მიულერის, ბოატენგისა და ჰუმელსის დაბრუნებას

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მიანიშნა იმის შესახებ, რომ არ გეგმავს ეროვნულ გუნდში თომას მიულერის, ჯერომ ბოატენგისა და მატს ჰუმელსის დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანთა ეს ტრიო მიმდინარე სეზონში მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს.

ლიოვმა გასული წლის მარტში ფაქტის წინაშე დააყენა მიულერი, ბოატენგი და ჰუმელსი, რომ მათ აღარ გამოიძახებდა გერმანიის ნაკრებში. მწვრთნელს მიაჩნია, რომ ეროვნულ გუნდს მომავალი პროგრესისთვის შემადგენლობი გაახალგაზრდავება ესაჭიროება.

მიუხედავად ამისა, გულშემატკივართა დიდი ნაწილი დაჟინებით მოითხოვს, რომ ლიოვმა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, რადგან მიულერი და ბოატენგი შარშან „ბაიერნს“ ჰეთ-თრიკს შესრულებაში დაეხმარნენ, ჰუმელსი კი „დორტმუნდის“ ერთ-ერთი ლიდერია.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ფეხბურთელებს აღარ მოვიწვევთ ნაკრებში. არაფერი შეცვლილა. უკან გზა არ არსებობს.

თუმცა, ისინი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. თუ მომდევნო წელს ახალი სიტუაცია შეიქმნება და ჩვენ ვერ შევძლებს წამყვანი მოთამაშეების გამოყენებას, ვიმსჯელებთ და ვიფიქრებთ ალტერნატიულ სცენარებზე“, – მოჰყავს ლიოვის სიტყვები გამოცემა „კიკერს“.