არაბულის გოლით „ლამიამ“ გასვლაზე მოიგო [ვიდეო]

ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის სუპერლიგაში თავი ისევ გამოიჩინა, რამაც „ლამიას“ საშუალება მისცა, სატურნირო მდგომარეობა ოდნავ მაინც გაეუმჯობესებინა.

ეს საბერძნეთის სუპერლიგის მე-8 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში მოხდა. ნოემბერში დანიშნული მატჩი პანდემიის გამო გადაიდო და მხოლოდ ახლა ჩატარდა. „ლამია“ გასვლაზე ლარისას „აელ“-ს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით – 0:1 დაამარცხა. ბაჩანა არაბული „ლამიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო გუგა ფალავანდიშვილი განაცხადშიც არ არის და როგორც გვითხრა, კლუბის დატოვებას აპირებს.

ზედიზედ მეორე შეხვედრაა, რაც „ლამია” გასვლაზე 0:1-ს იგებს და ზედიზედ მეორედ გუნდმა სამი ქულა ბაჩანა არაბულის გატანილი ერთადერთი გოლით მოიპოვა. 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ფლანგური გადაცემა თავური დარტყმით დააგვირგვინა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა თავადმსხმელმა მეკარეს ბურთი ახლო კუთხეში ბილიარდისტის სიზუსტით დაურტყა.

სხვათა შორის, არაბულმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში მე-4 გოლი გაიტანა – ერთხელ დუბლი შეასრულა, ორ მატჩში კი თითო გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩებში გუნდს გამარჯვება პირადად მისმა გოლმა მოუტანა.

ლამიამ“ 23 ტურის შემდეგ 18 ქულა დააგროვა, ანუ ქულების ნახევარი გუნდს ქართველმა ლეგიონერმა მოუტანა. არაბულის გუნდი ამ მოგებით მე-12 ადგილზე დაწინაურდა და „პანაიტოლიკოსს“ ქულით გადაასწრო.