არაბული ქვეყნების ლიგა ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმას დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელებასთან დაკავშირებით აგრესიად აფასებს
არაბული ქვეყნების ლიგა ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმას დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელებასთან დაკავშირებით აგრესიად აფასებს

არაბული ქვეყნების ლიგა ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმას დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელებასთან დაკავშირებით აგრესიად აფასებს. როგორც „ბიბისი“ იუწყება, საერთაშორისო ორგანიზაციის აზრით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინასაარჩევნო დაპირება საერთაშორისო სამართალს არღვევს და რეგიონში მშვიდობის დამყარებას ხელს შეუშლის.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას გამოეხმაურნენ იორდანიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის პირველი დიპლომატებიც. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრი უკანონო და აგრესიული განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა. იორდანიის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ვითარების ესკალაციის ძალიან მაღალი რისკი არსებობს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრა მოითხოვა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იორდანეს ველსა და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელების პირობა დადო. ეს საარჩევნო დაპირება ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტიების მხარდაჭერას მოუტანს, რაც მას მმართველი კოალიციის ფორმირებისთვის დასჭირდება.

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო 1967 წლიდან დაიკავა, თუმცა ამ ტერიტორიებზე ისრაელის სუვერენიტეტი ამ დრომდე არ ვრცელდებოდა.

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მომავალ კვირაში არის დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი