არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქალი 27-წლიანი კომიდან გამოვიდა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქალი 27-წლიანი კომიდან გამოვიდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქალი 27-წლიანი კომიდან გამოვიდა. „ბიბისის“ ცნობით, 32 წლის მუნირა აბდულა 1991 წელს სკოლიდან საკუთარ შვილთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მისი ავტომანქანა ავტობუსს დაეჯახა. ავარიის დროს მან ტვინის სერიოზული დაზიანებები მიიღო და მას შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მუნირა აბდულას შვილი, ომარ ვებაირი ავარიის დროს ოთხი წლის იყო და დედასთან ერთად ავტომობილის უკანა სავარძელზე იჯდა. პატარა აბდულა ავარიას მხოლოდ დედის წყალობით გადაურჩა. ის კატასტროფის დროს შვილს გადაეფარა და პირველი დარტყმისგან იხსნა. ავტომობილს მათი ნათესავი მართავდა, რომელიც ავარიის დროს ასევე სერიოზულად დაშავდა, თუმცა ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელდა.

ავტოკატასტროფის შემდეგ მუნირა აბდულა სამკურნალოდ ლონდონში გადაიყვანეს, სადაც მას ვეგეტატიური მდგომარეობა დაუდგინდა. მოგვიანებით, ის სამშობლოში დააბრუნეს, სადაც წლების განმავლობაში ფიზიოთერაპიის კურსს გადიოდა, მიზანი კუნთების მოდუნებისგან თავის არიდება იყო. 2017 წელს აბუ დაბის პრინცმა მისი მკურნალობის კურსი დააფინანსა და აბდულა გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

ტრაგედიის შემდეგ მუნირა აბდულას ოთხი წლის შვილი იმედს არ კარგავდა და წლების განმავლობაში დედის მკურნალობის კურსს ინტენსიურად ადევნებდა თვალყურს. 27 წლიანი კომიდან სასწაულებრივად გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ დედის გამოჯანმრთელების ყოველთვის სჯეროდა. როგორც ომარ ვებაირი ყვება.

დედის ჯანმრთელობაში ცვლილება ერთი წლის წინ შეამჩნია. ერთ დღესაც კი, მას დედის პალატაში ვიღაცის ძახილზე გამოეღვიძა.

„ვიღაცის ძახილზე გამეღვიძა. ეს ის იყო, ჩემს სახელს იძახდა. ამ დროს სიხარულისგან დავფრინავდი. ამ მომენტზე წლების განმავლობაში ვოცნებობდი. ჩემი სახელი მისი კომიდან გამოსვლის შემდეგ პირველი სიტყვა იყო. ჩვენს ისტორიას საზოგადოებას იმიტომ ვუყვები, რომ ადამიანებმა იმედი არასდროს უნდა დაკარგონ. შეუძლებელი არაფერია“, – განაცხადა მუნირა აბდულას შვილმა.

საერთაშორისო მაშტაბით მხოლოდ ერთეული მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება. ერთ-ერთი მათგანი ამერიკელი მამაკაცია, რომელიც 19-წლიანი კომიდან გამოვიდა.