„აქტობე“ წამყვანი მცველის გარეშე ითამაშებს - ტრავმირებული გადრანი გამოკვლევებისთვის საქართველოში რჩება #1TVSPORT
„აქტობე“ წამყვანი მცველის გარეშე ითამაშებს - ტრავმირებული გადრანი გამოკვლევებისთვის საქართველოში რჩება #1TVSPORT

„აქტობეს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ასხატ კალჟანოვმა თავის ტელეგრამ-არხზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ქართველი ცენტრალური მცველის, ლუკა გადრანის ტრავმაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედოსთან“ პირველ მატჩში ლუკა გადრანმა „აქტობეს“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ 71-ე წუთზე მოედანი ტრავმის გამო დატოვა.

„არსებული ინფორმაციით, „აქტობეს“ ცენტრალურ მცველს, ლუკა გადრანს MRI გამოკვლევა ჩაუტარდება. ალბათ მას ქუთაისში დარჩენა მოუწევს“, – წერს კალჟანოვი.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ლუკა მართლაც საქართველოში დარჩა, მაგრამ გამოკვლევებს არა ქუთაისში, არამედ თბილისში ჩაუტარებენ, სადაც თამაშის შემდეგ გაემგზავრა.

ყაზახური კლუბის ქართველი მცველი 26 წლისაა. ლუკა გადრანმა კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო, თამაშობდა „დინამო თბილისი 2“-ში, შემდეგ კი ესპანური „დეპორტივო ალავესის“ დუბლშემადგენლობაში. პროფესიული კარიერა „სამტრედიაში“ დაიწყო, გამოდიოდა ცხინვალის „სპარტაკში“, „რუსთავში“, ხოლო 2019 წლიდან უცხოეთში თამაშობს – ირანის „შაჰინ ბუშერის“ შემდეგ ლატვიის „ვალმიერაში“ ჩაირიცხა.

გადრანი ყაზახეთში 2022 წელს გადავიდა და თავიდან „თარაზში“ თამაშობდა, საიდანაც უფრო ამბიციურ „აქტობეში“ მიიწვიეს და „ტორპედოს“ ამჟამინდელი მეტოქის ფორმით ჩატარებულ 15 მატჩში სამი გოლი გაიტანა.